როგორ აისახება მარკეტების ზრდა ფასებზე - კობახიძე საცალო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა
გაზიარება
გაზიარება
კობახიძე საცალო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაახლოებით 15 მსხვილ საცალო სასურსათო ქსელის წარმომადგენელს შეხვდა, რათა განეხილათ ფასების ზრდის პრობლემა და შესაძლო გამოსავლის გზები.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ მნიშვნელოვანია “ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ფასების დაწევა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა გაორმაგდა, რაც საბოლოოდ აისახება ფასებზე და ეკონომიკურ ტვირთად აწვება მოსახლეობას.
ოცნების პრემიერმა განმარტა, რომ ბიზნესის თავისუფლება მთავარია, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია.
“არის შემთხვევები, როცა ფასებს შორის სხვაობა ორმაგი ან სამმაგიც კი არის. ჩვენ გვინდა გავითვალისწინოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ფასების დასაწევად“, — განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, სახელმწიფოს დათვლით, საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს, რაც “ძალიან მაღალია“. მას მაგალითად მოჰყავს გერმანია და ავსტრია, სადაც 100 000 მოსახლეზე მარკეტების რაოდენობა შესაბამისად 45 და 62-ს შეადგენს, საქართველოში კი 113-ს.
კობახიძის განცხადება დაემთხვა 24 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ბევრად აღემატება ევროპულს და მოუწოდა სამართალდამცავებს შეესწავლათ, ხომ არ არსებობს კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
ამ დროისთვის პარლამენტში შექმნილია შესაბამისი საგამოძიებო კომისია.
კომისია განიხილავს არა მხოლოდ სურსათისა და მედიკამენტების ფასებს, არამედ საწვავის ფასსაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სურსათის ფასების შესწავლას დაიწყებს.