აშშ დროებით აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას 75 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში
გაზიარება
გაზიარება
აშშ აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოდან, სომალიდან, რუსეთიდან, ავღანეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან. დადგენილება ძალაში 21 იანვრიდან შევა და გაგრძელდება იქამდე, სანამ უწყება ვიზების გაცემის პროცესს ხელახლა არ შეაფასებს.
ეს არ ეხება ტურისტულ/ბიზნეს და სასწავლო ვიზებს, ეხება მხოლოდ და მხოლოდ საიმიგრაციოს, ანუ ვისაც ლეგალურად უნდა ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა. ეხება მათ, ვინც ოჯახის გაერთიანებისა და მწვანე ბარათის პროცედურებს გადის.
სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს.
გამოცემის მიხედვით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც, სავარაუდოდ, “საზოგადოებრივი ტვირთი” გახდებიან და სახელმწიფოზე იქნებიან დამოკიდებულნი.
ამასთან, 2025 წლის ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ წარმომადგენლობებს გაუგზავნა დეპეშები, რომელშიც კონსულ ოფიცრებს ავალდებულებდა, საიმიგრაციო კანონის ე.წ. “საზოგადოებრივი ტვირთის” (public charge) დებულების ფარგლებში შემოწმების ახალი, მკაცრი წესები აემოქმედებინათ.
ცნობილი ხდება, რა შემთხვევაში უნდა ეთქვათ ვიზაზე უარი მოქალაქეებს:
აპლიკანტები, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებენ
გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანმრთელობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნა, ფინანსური მდგომარეობა და გრძელვადიანი სამედიცინო მზრუნველობის პოტენციური საჭიროება
საფუძველი შეიძლება გახდეს ხანდაზმული ასაკი ან ჭარბი წონა
საფუძველი შეიძლება გახდეს წარსულში სახელმწიფო ფულადი დახმარებით სარგებლობა ან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ყოფნა
Fox News აღნიშნავს, რომ ახალი შეჩერების წესიდან გამონაკლისები იქნება “ძალიან შეზღუდული” და მხოლოდ მას შემდეგ დაიშვება, რაც აპლიკანტი “საზოგადოებრივი ტვირთის” კრიტერიუმებთან დაკავშირებულ შემოწმებას გაივლის.