ოთხი ეთნიკურად სომეხი პატიმარი აზერბაიჯანიდან სომხეთში გადაიყვანეს
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანი სომეხ პატიმრებს სომხეთში გადასცემს
14 იანვარს აზერბაიჯანში დაკავებული ოთხი ეთნიკურად სომეხი პატიმარი სომხეთში გადაიყვანეს. ინფორმაცის ადასტურებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ეროვნული უსაფრთხოების სამსახური.
გადაყვანილი არიან დავით დავთიანი, გევორგ სუჯიანი, ვიგენ ეულჯეკჯიანი და ვაგიფ ხაჩატრიანი, რომლებიც აზერბაიჯანში სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულები. სომხეთის მხარე აცხადებს, რომ ეს პროცესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების პრაქტიკული შედეგია.
ფოტოზე: მარცხნივ ვაგიფ ხაჩატრიანი, ზედა მარჯვენა კუთხეში ვიგენ ეულჯეკჯიანი, დავით დავთიანი და გევორგ სუჯიანი (მარცხნიდან მარჯვნივ)
“გევორგ სუჯიანი, დავიდ დავთიანი, ვიგენ ეულჯეკჯიანი და ვაგიფ ხაჩათრიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა გადმოგვცეს და ახლა სომხეთის ტერიტორიაზე, ჰაკარის ხიდზე იმყოფებიან. სუჯიანს, დავთიანსა და ეულჯეკჯიანს წინასწარი შეფასებით ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. ხაჩათრიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი წინასწარი შეფასებით დამაკმაყოფილებელია”. – წერს ფაშინიანი.
სუჯიანი და დავთიანი აზერბაიჯანის ძალებმა 2020 წელს მთიანი ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის დროს დააკავეს და მათ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე პერიოდში დაკავებულ ეულჯეკჯიანს კი 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო APA-ს განცხადებით, გადაცემული პირების უფლებები დაცული იყო მათი დაკავების დროიდან, მათ მიიღეს სამედიცინო შემოწმება სომხეთში გაგზავნამდე, ხოლო მათი ჯანმრთელობა და პატიმრობის პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ პროცესი ორმხრივი შეთანხმების და ჰუმანიზმის პრინციპებით განხორციელდა.