"საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ამოწმებს" - Minval Politika
საქართველო და აზერბაიჯანი
აზერბაიჯანული პროსამთავრობო გამოცემა Minval Politika მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და თბილისისა და ბაქოს ურთიერთობებში “საგანგაშო ცვლილებაზე” საუბრობს. სტატიის ავტორი მაკსუდ სალიმოვი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას აღწერს, სადაც, მისი თქმით, აზერბაიჯანელი მძღოლები სექტემბრიდან, სისტემატურ შეფერხებებს აწყდებიან.
ავტორის თქმით, ზოგიერთი სატვირთო მანქანა თვეობით ვერ ახერხებს საბაჟოს გავლას, ხოლო მეზობელი ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლება არ ავლენს არც პოლიტიკურ ნებას და არც მმართველობით უნარს პრობლემის მოსაგვარებლად. საჩვენებელია, რომ ეფექტურობის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ რიტუალურ დაპირებებს ვხედავთ.
Minval Politika წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობის გამო, სომხეთს სურს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტი საქართველოს გავლით დაიწყოს.
გამოცემის ცნობით, ქართულმა მხარემ 111 კმ სიგრძის მონაკვეთზე ტონაზე 92 აშშ დოლარის ოდენობის ტარიფი მოითხოვა. ამ ტარიფს აზერბაიჯანული მხარე არარეალურად მაღალ ფასად მიიჩნევს.
რა წერია სტატიაში
“ბოლო თვეებში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში შემაშფოთებელი ძვრები შეინიშნება. ეს გამოწვეულია არა ცალკეული ბიუროკრატიული ხარვეზებით, არამედ იმ გადაწყვეტილებათა თანმიმდევრობით, რომლებშიც საქართველოს პოლიტიკური ლოგიკის ცვლილება იკითხება.
Minval Politika აქამდეც წერდა, რომ საქართველოს საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია: აზერბაიჯანელი მძღოლები სექტემბრიდან სისტემურ დაყოვნებებს აწყდებიან. ზოგიერთი ტრაილერი უკვე თვეებია, ვერ გადის საბაჟო შემოწმებას, ხოლო მეზობელი ქვეყნის ოფიციალური უწყებები პრობლემის გადასაჭრელად არც პოლიტიკურ მზაობას და არც მართვის უნარს არ ავლენენ. ამის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ ფორმალურ დაპირებებს ვხედავთ.
ამ ფონზე კიდევ უფრო მოულოდნელად გამოიყურება თბილისის ახალი ნაბიჯი, რომელიც რეგიონული სატრანსპორტო არქიტექტურის თემაზე მიმდინარე დისკუსიების პარალელურად გადაიდგა. ერთი კვირის წინ, 28 ნოემბერს, გაბალაში აზერბაიჯან–სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მე-12 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერები — შაჰინ მუსტაფაევი და მგერ გრიგორიანი — ხელმძღვანელობდნენ. ტექნიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.
Minval Politika-ს წყაროების თქმით, ერთ-ერთი საკითხი აზერბაიჯანის ნავთობისა და ნავთპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა იყო — პროექტი, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს როგორც ბაქოს, ისე ერევანს და ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობიანი განვითარების გაღრმავებას. თუმცა ქვეყნებს შორის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციის არარსებობის გამო, ტრანზიტის ერთადერთი მარშრუტი საქართველოზე გადის. სწორედ ამიტომ სთხოვა აზერბაიჯანმა თბილისს ტარიფის განსაზღვრა გარდაბანი–სადახლოს მონაკვეთზე.
საქართველოს პასუხი, არსებული მონაცემებით, თავისებური ინდიკატორი გახდა — არა მხოლოდ კომერციული, არამედ პოლიტიკური მიდგომის. თბილისის მხრიდან წარმოდგენილი ტარიფი 92 აშშ დოლარს შეადგენდა ტონაზე, 111-კილომეტრიან მონაკვეთზე — რაც ნიშნავს 0,82 დოლარს თითო ტონაზე და თითო კილომეტრზე. ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა ჩვეულებრივ ტარიფად მოგვეჩვენოს, მაგრამ შედარება საპირისპიროს ადასტურებს.
მაგალითად: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანალოგიური ტვირთები 680 კილომეტრზე — იალამადან ბოიუკ-ქესიკამდე — 17 დოლარი ღირს, ანუ 0,02 დოლარი კილომეტრზე. ეს საქართველოს შემოთავაზებულ ტარიფზე 40-ჯერ ნაკლებია. ორმოცგზის სხვაობა ბაზრის ლოგიკით კი არა, მიზანმიმართული გადაწყვეტილებით აიხსნება.
უფრო მეტიც, თავად საქართველოში მსგავსი ტვირთები ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტების მიმართულებით 17 დოლარად იგზავნება 360–396 კილომეტრზე — ანუ 0,04–0,05 დოლარი კილომეტრზე. სხვა სიტყვებით, როცა ტრანზიტი თავად საქართველოსთვისაა მომგებიანი, ტარიფი ოცჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც სომხეთის მიმართულებით შემოგვთავაზეს. აქ ეკონომიკურ გათვლას აშკარად ჩაენაცვლა პოლიტიკური სიგნალი.
მსგავსი ქცევა ბუნებრივად იწვევს განცვიფრებას. საქართველო — ქვეყანა, რომელიც თანამედროვე ისტორიის კრიტიკულ პერიოდში აზერბაიჯანის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული, დღეს ისეთ მიდგომას იჩენს, რომელიც მისსავე გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძირი ეთხრება მთავარი პარტნიორის ნდობას, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს მოქმედი ლოგისტიკური მონოპოლია უკვე აღარ არის შეუცვლელი. რეგიონული კავშირების პროექტები ვითარდება, ხოლო ძველი არქიტექტურის ძალისმიერი დაცვა მხოლოდ აჩქარებს მისივე ეროზიას.
დღეს საქართველო ფაქტობრივად ეწინააღმდეგება მდგრადი რეგიონული უსაფრთხოების და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას. სწორედ იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასია უნიკალურ შანსს იღებს — კონფლიქტის ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე გადასასვლელად — თბილისის ქცევა ამ გარდატეხის შეჩერების მცდელობას ჰგავს. ასეთ პოლიტიკას სხვა სახელი ძნელად შეიძლება დაარქვა: ის არა მხოლოდ აფერხებს რეგიონული დარეგულირების საერთო დინამიკას, არამედ ავლენს ნულოვან მზადყოფნას საერთო კეთილდღეობის სივრცის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მისაღებად.
თბილისმა უნდა გააცნობიეროს: დაუსაბუთებელი ბარიერების პოლიტიკა აუცილებლად გამოიწვევს საპასუხო ნაბიჯებს. ქვეყანამ, რომლის ეკონომიკაშიც ბაქომ ათწლეულების განმავლობაში უამრავი რესურსი ჩადო, არ უნდა დაუშვას, რომ აზერბაიჯანის ინტერესები უყურადღებოდ დარჩეს. პასუხისმგებლობის გრძნობა სახელმწიფოების სიმწიფის მთავარი კრიტერიუმია, და დღეს საქართველო სწორედ ამ გამოცდას აბარებს.
მით უფრო მნიშვნელოვნად გამოიყურება ისტორიული მეხსიერება ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ურთულეს პერიოდში ბაქომ არ გამოიყენა თბილისის მოწყვლადობა ზეწოლის ინსტრუმენტად: აზერბაიჯანს არ დაუწესებია ზედმეტად მაღალი ტარიფები საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მაშინ მძიმე კრიზისში იყო და, თითქოს, ნებისმიერი პირობის მიღებაზე იყო იძულებული.
აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია — პარტნიორის და არა წამღლეტის. სწორედ ამიტომ ჩნდება დღეს ლეგიტიმური კითხვა: როგორ უპასუხებს თბილისი შექმნილ ვითარებას? დუმილს დასჯერდება და ჩუმად გააგრძელებს მოქმედებას, თუ გამოიჩენს პოლიტიკურ სიმწიფეს, აღიარებს პრობლემას და ითანამშრომლებს ჩვენთან?”
გასულ კვირას კიდევ ერთმა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო მედია Caliber-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “საქართველოს ზანგეზურიდან ხმა მოესმა, რაზეც ნერვულად უპასუხა”. სტატიის ავტორი სამირ ველიევი ტრაილერის მძღოლების მონათხრობზე დაყრდნობით წერს, თუ როგორ შეიცვალა ქართული მხარის დამოკიდებულება აზერბაიჯანელი მძღოლების მიმართ საზღვარზე ბოლო პერიოდში.
ავტორის თქმით, მძღოლები აწყდებიან უხეშ მოპყრობას და კანონის უგულებელყოფას – მათ დღეები აყოვნებენ საზღვარზე, ზოგიერთი მძღოლი კი იმასაც იხსენებს, რომ მათ დამცინავად ჰკითხეს “როდის ამოქმედდება ზანგეზურის დერეფანი” და მიანიშნეს, რომ გამოიყენონ ის მარშრუტი.
სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ თბილისის ასეთი სახეცვლილება შესაძლოა “ჩრდილოელ მეზობელს” ან საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ “სომხეთის ინტერესების გამტარებლებს” უკავშირდებოდეს.