პეტერ ფიშერი: საქართველომ გადაუხვია ევროკავშირის გზიდან, გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე
პეტერ ფიშერის განცხადება
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ გადაუხვია ევროკავშირის გზიდან და შესაბამისად, გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე. მისივე თქმით, ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო.
ელჩი განმარტავს, რომ გერმანია “იწონებს, ეთანხმება“ გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშს და მოელის, რომ დეკემბრის ევროპულ საბჭოზე ევროკავშირის ლიდერებიც დაამტკიცებენ მას.

პეტერ ფიშერი: “გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ანგარიშის მიხედვით, როგორი ვითარებაც ახლაა, საქართველოს ახლანდელი კურსით არ არსებობს გაწევრიანებისკენ სიცოცხლისუნარიანი გზა საქართველოსთვის.
კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე ცუდი გაფართოების შესახებ ანგარიში, რაც კი რომელიმე ქვეყანას ჰქონია.
თუ შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფულია შენთვის. მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით, მოვუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში ინტერნეტში, ნახეთ ევროკომისია, 4 ნოემბერი.
გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, ჩვენ ვეთანხმებით მას, საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან, ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა, თუმცა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამომაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ რა მოხდა იმ ერთ წელში, თუკი ვამბობ, ტომ გერმანია იწონებს ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს ფაილი დახურულია არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო, ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით.
არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც არავინ ევროკავშირში, დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ, ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო, არ მგონია ამ ქმედებების ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი, ველი, რომ ეს მოხდება, დიდი ზეწოლის ქვეშ არის თავისუფალი მედია.
თავიდან უნდა გავაკეთო დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადება. სინამდვილეში, მე მთხოვეს ასეთი განცხადების გაკეთება და სიამოვნებით გავაკეთებ ამას ციტირებისთვის, საჯაროდ და ეს არის შემდეგი – მე ვარ გერმანელი დიპლომატი, მე აქ წარმოვადგენ გერმანიის ინტერესს და გერმანიას, როგორც ევროკავშირის ნაწილს, ასე რომ, მე აქ ნაწილობრივ წარმოვადგენ ევროკავშირის ინტერესსაც.
მე არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში.
არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ, არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას.
ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც ის არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას, მე სწორედ ამას ვაკეთებ.
ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რას დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე.
ბოდიშს ვიხდი ამ დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩამოთვლილ სამივე საკითხში დამდებენ ბრალს, მაგრამ არცერთი ეს ბრალდება არ ყოფილა და არც იქნება სიმართლე.
ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეაჩერა გაწევრიანების პროცესი.
გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, მარტა კოსის განცხადებით, გაერთიანების წევრობის კანდიდატების ისტორიაში საქართველოს ყველაზე ცუდი ანგარიშის დასკვნა ჰქონდა.