საქართველო: "ქართული ოცნება“ თავს ესხმის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება ონლაინ მედიას
“ქართული ოცნება“ თავს ესხმის ონლაინ მედიას
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღიად ესხმის თავს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება დამოუკიდებელ ონლაინ მედიას საქართველოში. ამ თავდასხმებს წინ უძღოდა პროსამთავრობო, პროპაგანდისტული არხის „იმედის“ მიერ მომზადებული, ტყუილზე აგებული პროპაგანდისტული სიუჟეტი, თითქოს ონლაინ მედია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამაში დიდ ფულს იღებს.
- RSF: პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი “პრესის თავისუფლების მტაცებელთა” სიაში მოხვდა
- საქართველოში ბოლო ექვს თვეში მიღებული ხუთი კანონი, რომელიც მედიის საქმიანობას ზღუდავს
დღეს, 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსების მოძიებისას ონლაინმედიები გვერდს უვლიან კანონს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მანვე თქვა, რომ „სამართალდამცავი ორგანოები ამ პროცესებს აკვირდებიან და თუ დარღვევები გამოვლინდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.
პაპუაშვილმა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ონლაინმედია დაადანაშაულა, რომ მას ფული “სხვადასხვა სქემებით შემოაქვს”:
“რაც შეეხება სხვადასხვა სქემებს. არის მცდელობა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას. ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა ატარონ აქ, კრიპტოვალუტებით უნდა რიცხონ სხვადასხვა ქვეყნებით… კრიმინალური ენერგია არის ჩადებული. მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე, მათ შორის კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე, სხვა სახის დანაშაულებზე“.
მანვე თქვა, რომ „ამ ყველაფერს ყურადღებას მიაქცევენ“:
„ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს. სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება. არის კანონმდებლობა და კეთილი ინებოს ყველამ, ბრიუსელმაც, სტოკჰოლმმაც და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეშვან კრიპტოვალუტებით ფულის ტრიალს”.
მანვე თქვა, რომ ონლაინმედია ორგანიზაციები სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან არაფრით განსხვავდებიან და მათი ჟურნალისტები, აქტივისტები არიან, უბრალოდ “მიკროფონიანი აქტივისტები”.
“იმედის” პროპაგანდისტული, მადისკრედიტებელი სიუჟეტი ონლაინ მედიის წინააღმდეგ
პაპუაშვილის ეს გზავნილები თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებდა ამ ბრიფინგამდე ორი დღით ადრე პროსამთავრობო ტელევიზია “იმედის” მიერ მომზადებული სიუჟეტის გზავნილებს. 23 ნოემბერს “იმედის” ყოველკვირეულ გადაცემა “იმედის კვირაში” გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით – „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“, რომელშიც დამოუკიდებელი ონლაინ მედია დადანაშაულებული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში.
სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ონლაინმედიებში დასაქმებული ჟურნალისტების დიდი ნაწილი არა ჟურნალისტი, არამედ, ე.წ. ენჯეოშნიკია და ისინი კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ. ონლაინ მედია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულეს “ქვეყნის წინააღმდეგ, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, კოორდინირებულ მოქმედებაში”. არცერთი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი, დოკუმენტი, ამ სიუჟეტს არ ახლდა.
სიუჟეტის მთავარი სამიზნე იყო 22 ონლაინგამოცემის საერთო კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს”. ეს კამპანია მედიებმა აგვისტოში წამოიწყეს, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” რეპრესიულმა კანონებმა ჩაკეტა დონორების დაფინანსების მიღების ყველა გზა.
13 აგვისტოს ამ გამოცემების ვებსაიტები გაითიშა. ერთი საათის განმავლობაში ამ საიტებზე შესულ ადამიანებს შავი ფონი ხვდებოდათ. შემდეგ მედიებმა განმარტეს, რომ ეს გამაფრთხილებელი სიგნალი იყო – ამით მათ მკითხველებს უთხრეს, რომ უ გაქრება მედია, გაქრება სიმართლეც და “სინათლეც”. გამოცემებმა ამ კამპანიისთვის შექმნეს საიტი, “სინათლე მედია”, სადაც მედიის დახმარების მსურველს, ერთი კლიკით შეუძლია ამ მედიების დასახმარებლად თანხების გადარიცხვა.
“იმედის” სიუჟეტში ეს კამპანია, ანტისახელმწიფოებრივ იატაკქვეშა ქსელად იყო წარმოჩენილი, რომელმაც თითქოს, რამდენიმე მილიონი მიიღო.
მედიები კოორდინირებულ მოქმედებაში სიუჟეტის ავტორებმა მხოლოდ იმის გამო დაადანაშაულეს, რომ ყველა მათგანი აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მთავარ მოვლენებს და კრიტიკულ კითხვებს სვამს. აქცენტი “ქართული ოცნების” მიერ “უპრეცენდენტო არაბულ ინვესტიციად” მონათლულ კომპანია „Eagle Hills“-ის პროექტსა და დაანონსებულ განათლების რეფოორმაზე იყო. ამ პროექტის, ისევე როგორც განათლების რეფორმის მიმართ, საზოგადოებაში ბევრი კითხვა და კრიტიკა არსებობს. “იმედმა” კი თქვა, რომ მედია ამ კითხვებს რომ სვამს, ეს “კოორდინირებული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა”.
კამპანიაში მონაწილე 22 მედიის გარდა, სიუჟეტში ნახსენები იყო სხვა ონლაინგამოცემებიც. მათ შორის, “ჯემნიუსი”.
“სინათლე მედიის” პასუხი იმედს
კამპანიაში მონაწილე მედიებმა “იმედს” ერთობლივი განცხადებით უპასუხეს. მათ
“იმედს” თვითრეგულირების ორგანოში უჩივლეს, გავრცელებული სიცრუის უარყოფა და პასუხის გასაცემად პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.
„თავისუფალი და პროფესიული სტანდარტების დამცველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო არასდროს ყოფილა შემწყნარებელი, მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ და მასთან შერწყმული პროპაგანდის მანქანები ახორციელებენ, ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს სცდება“, – წერია განცხადებაში.
კამპანიაში მონაწილე გამოცემები აცხადებენ, რომ აბსურდული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შეთხზული ამბებისა და ტყუილების კასკადით “იმედი” თავს ესხმის გამოცემებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.
მედიებმა განმარტეს, რომ სინამდვილეში, საზოგადოების მხარდაჭერით, კამპანიის ფარგლებში სამი თვის განმავლობაში, ჯამში 100 ათას ლარამდე შემოწირულება მიიღეს. მათ თქვეს, რომ ამ თანხით გამოცემებმა მოახერხეს ოფისების შენარჩუნება, გადაიხადეს ვებგვერდების ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახადები.
ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი ონლაინ მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მთავარი მიზანია, მედიამ ვეღარ შეძლოს მუშაობა:
“ხელისუფლებას აწუხებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე დასმული კითხვები, რომლებიც არსებობს კომპანია „Eagle Hills“-ის პროექტსა და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. მას სურს, მედია ვეღარ აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, უწყვეტ პროტესტს, პოლიტიკურ კრიზისს, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა კორუფციულ სკანდალებს, ადამიანის უფლებების შელახვას, მწვავე სოციალურ პრობლემებს და ა.შ. ამიტომაც ცდილობენ დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციას და იმგვარი გარემოს შექმნას, რომ ჩვენი არსებობა შეუძლებელი გახდეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ქართული ოცნება“ თავს ესხმის ონლაინ მედიას