"ყურადღების გადატანის მცდელობა" - ევროკომისია სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ჰერჩინსკის წერილს გამოეხმაურა
გაზიარება
გაზიარება
ჰერჩინსკის წერილი
ევროკომისიის სპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის სამთავრობო მედიაში გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობა.
სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც წერს, რომ “საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით”.
პროპაგანდისტული არხების ცნობით, ამავე წერილში ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებული”.
“ჩვენ ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას. ხელისუფლების მხრიდან საინფორმაციო პროპაგანდას უკვე მიჩვეულები ვართ, ამიტომ, მოდით ფაქტებს სიცხადე შევძინოთ – უკვე 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც იყო პირველი გამოსაფხიზლებელი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მათ შეეცვალათ აღებული კურსი.
ჩვენ ვხედავთ იმავე “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, იგივე პარტია წარმოადგენს პარლამენტის უმრავლესობას და იმის ნაცვლად, რომ შეცვლილიყო დემოკრატიის მიმართ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ, თუ რამდენად მწვავდება ეს ქმედებები ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, ჟურნალისტების დაპატიმრებითა და მშვიდობიანი პროტესტანტებზე თავდასხმით.
ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ეს, ასევე, გვქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ნომინალურადაა”. – თქვა ჰიპერმა.