პაველ ჰერჩინსკი: ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის
პაველ ჰერჩინსკის განცხადება
ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ ევროკომისიის ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობას და ყველა ის პუნქტი ჩამოთვალა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უთხრის ძირს. ამასთან, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მოქმედების კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
რა თქვა ევროკავშირის ელჩმა

პაველ ჰერჩინსკი: “ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული სახელმწიფოს სტრატეგიული და სუვერენული უფლება და არჩევანია. წევრობის განაცხადის შეტანით, თითოეული ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს რეფორმები თავის ინსტიტუციებსა და სამართლებრივ სისტემაში, იმის შესაბამისად, რომ ისინი თანდათანობით შესაბამისობაში მოიყვანენ EU-ის ნორმებსა და სტანდარტებთან. ასევე თითოეული ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია, ევროკავშირში წევრობის მზადყოფნას ყოველწლიურად შეამოწმებს.
ყველა კანდიდატის, მათ შორის საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 2023 წლიდან ფასდება ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიურ დოკუმენტში. ეს პაკეტი რომელიც შედგება 10 კანდიდატის ქვეყნის ანგარიშით, დღეს გამოქვეყნდა. ანგარიში წარმოადგენს ყოვლისმომცველ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას იმისა, რამდენად წინ წავიდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის დროს აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ ვამზადებთ ანგარიშს საქართველოზე, როცა გაფართოების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია მას შემდეგ რაც მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლებიდან, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მიზეზი ნათელია – გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული, ტრანსფორმაციული პროცესია. ანგარიში რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, შესაძლებლობაა, შევაფასოთ, თუ რას მიაღწია საქართველომ და რა ეტაპზეა საქართველო EU-ის გზაზე. დოკუმენტი კიუდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარები კვლავაც ღია რჩება, იმ პირობით, რომ აუცილებელი ნაბიჯები გადადგმული იქნება ქართული ხელისუფლების მიერ.
ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩისათვის, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. სიმართლე ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად შორსაა, ვიდრე 2023 წელს იყო, როცა მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დემოკრატიული უკუსვლის საერთო დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა. ბოლო 12 თვის განმავლობაში სერიოზული უკუსვლა იყო გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატის სტატუტის მინიჭებასთან კომისიის რეკომენდაციებში.
ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის. სისტემურმა, რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოკიდებულებას ზიანი მიაყენეს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება სრული დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობდა.
მტრული, ანტიევროპული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ და მიზნად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ძირის გამოთხრას ისახავდა. წამყვანი ოპოზიცური ლიდერების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებებთან ერთად, ევროკავშირის ერთ-ერთად ძირითად პრინციპზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს.
დღევანდელ ანგარიშში ასევე დეტალურად აღწერილია, რომ გასული წლიდან მოყოლებული საქართველოს წინსვლა ევროკავშირის სტანდარტების ტექნიკურ ნაწილთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შენელდა.” – თქვა ჰერჩინსკიმ.
ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეაჩერა გაწევრიანების პროცესი; ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის მიღებაზე უარი გამოაცხადა 2028 წლამდე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და რეპრესიულმა ღონისძიებებმა შეამცირა სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის შესაძლებლობები აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პროცესებში; მიღებულია სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაართულებს საერთაშორისო დაფინანსების მიღებას და სერიოზულად შეზღუდავენ ორგანიზაციების საქმიანობას. ანგარიშში ნახსენებია უცხო გავლენის რეგისტრაციის კანონი და გრანტების სფეროში განხორციელებული შეზღუდვები.