RSF: პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი "პრესის თავისუფლების მტაცებელთა" სიაში მოხვდა
გაზიარება
გაზიარება
“პრესის თავისუფლების მტაცებელთა” სია
“ჟურნალისტები საზღვრებს გარეშემ” (RSF) გამოაქვეყნა 2025 წლის “პრესის თავისუფლების მტაცებელთა სია”, რომელშიც პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა.
“პრესის თავისუფლების მტაცებლების 2025 წლის სია” წარმოადგენს RSF-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული “მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის” კონტრნაწილს, რომელიც აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო “მტაცებელთა სია” გამოყოფს მათ, ვინც მედიის თავისუფლებას ფეხქვეშ თელავს.
სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოხვდნენ: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ავღანეთის მმართველი ჰიბატულა აკუნძაძა, ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელ ორტეგა, ირანის უზენაესი მმართველი აიათოლა ალი ხამენეი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ჩინეთის კომუნისტური პარტია, ბურკინა ფასოს სამხედრო ხუნტა და სხვები.
სია სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი, ესენია: პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური. ბიძინა ივანიშვილი არის მათ გვერდით, ვინც ფინანსურად ანადგურებს მედიას.
“ვინაიდან ისინი ზღუდავენ საინფორმაციო მედიას ან მათზე თვითნებურად ახდენენ სამართლებრივ ზეწოლას, ბრენდან კარი (აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) ხელმძღვანელი), ვიცე-პროკურორი სენგ ჰინგი (კამბოჯა) და ქართველი მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შედიან 2025 წლის მტაცებლების ამ სიაში”, – ვკითხულობთ RFS-ის ვებ გვერდზე.
● მხოლოდ 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე, “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ხუთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოში მედიის მუშაობასა და გამოხატვის თავისუფლებას.
● ეს კანონები ფაქტობრივად, კრძალავს უცხოური დაფინანსებით მოქმედი მედიასაშუალებების საქმიანობას, აძლიერებს სახელმწიფოს კონტროლს მედიაზე და შესაძლებელს ხდის ჟურნალისტების დასჯას კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო.