სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს
განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2025 წლის 23 სექტემბერს მიიღო და საქმე ეხება “ბორდერიზაციის” მიზნით რუსეთის მიერ მიღებულ გრძელვადიან ზომებს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის ხაზებთან.
რა წერია დოკუმენტში
● სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლების უფლების, საკუთრების უფლებების, ოჯახური ცხოვრების, გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით დარღვევებზე, რაც ათეულობით ათას ეთნიკურად ქართველს შეეხო.
● სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წელს ევროსაბჭოდან რუსეთის გაგდების მიუხედავად, არსებობდა საქმეში სასამართლოს იურისდიქცია, ვინაიდან მომხდარი დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში რუსეთის წევრობის შეწყვეტამდე იყო ჩადენილი.
● სტრასბურგის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხიდან, €224.25 მილიონი უნდა მოხმარდეს 23 000-მდე მსხვერპლს, რომლებსაც ჩამოერთვათ თავიანთ სახლებზე, ქონებასა და ოჯახებზე წვდომა.
● €20 მილიონი უნდა გამოიყოს 4 000 სკოლის მოსწავლისთვის, რომლებსაც უარი უთხრეს ქართულ ენაზე განათლების მიღებაზე. €5.17 მილიონი უნდა გამოიყოს 2 586-მდე ადამიანისთვის, რომლებიც უკანონო დაკავების მსხვერპლნი იყვნენ. ასევე €1.98 მილიონი – არასათანადო მოპყრობის 76 მსხვერპლისთვის.
● €1.3 მილიონი უკანონო მკვლელობის 20 მსხვერპლისთვის; და €320 000 გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვებისთვის.
● ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ რუსეთს განსაზღვრული თანხის დასაფარად ვადა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში აქვს, რის შემდეგაც კომპენსაციას დაემატება პროცენტიც.
“აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას.” – წერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა”
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განაცხადა, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა.

ირაკლი კობახიძე: “ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, როცა საქმე ეხება სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენას სასამართლო ინსტანციებში, ყველგან ჩვენს სახელმწიფოს, ხელისუფლებას ეკავა ძალიან პრინციპული პოზიცია.
ჩვენ მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე მოვიგეთ საქმე ჰააგის სასამართლოში, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად.
ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ.”