შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი პირი, რომელიც მიმალვაში იმყოფება.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე ( მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 187-ე ( ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.” – განაცხადა დარახველიძემ.
მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად შეიკრიბა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით და პოლიციის ჩარევით დასრულდა.
4-5 ოქტომბრის ღამით დააკავეს აქციის “საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
“მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
შს მინისტრის, გეკა გელაძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე, ხოლო ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ ისინი “შესაბამის სამართლებრივ პროცესებში მიეცემიან”.
გელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მშვიდობიანი დამხობა ვერ შედგა, მაგრამ “შედგა მშვიდობიანი დაშლა”.