ციხეში მყოფი ადამიანების კრიტიკა ცუდად ჟღერს, მაგრამ ის, რაც ვნახეთ, არაკომპეტენტურობის და მიამიტობის, უარესში კი – უპასუხისმგებლობის მაგალითი იყო – “სახელმწიფო გადატრიალების“ ნარატივს რეალური საფუძველი პირველად მიეცა – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის შეფასებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგულია. მისი შეფასებით, არსებულ ვითარებაში ძირითადი იარაღი კონკრეტულ საკითხებში პრინციპული ქმედებები და ხელისუფლების მორალური გარიყვაა.
მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე გუშინ არჩევნების პარალელურად შეიკრიბა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით და პოლიციის ჩარევით დასრულდა.
დაკავებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები. არიან დაშავებულები.
არჩევნებში, კი რომლებსაც ოპოზიციის და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, მმართველმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
გია ნოდია: “ვიცი, რომ ციხეში მყოფი ადამიანების კრიტიკა, ვის პატრიოტიზმშიც ეჭვი არ მეპარება, ცუდად ჟღერს.
მაგრამ უთქმელობაც არასწორია: ის, რაც გუშინ საღამოს ვნახეთ და რაშიც, რაღაც ფორმით, მონაწილეობაც მივიღეთ, უკეთეს შემთხვევაში უკიდურესი არაკომპეტენტურობის და მიამიტობის, უარესში კი – უპასუხისმგებლობის მაგალითი იყო.
მაგრამ არც ის იქნება სამართლიანი, ჯოხი იმ ადამიანებზე გადავტეხოთ, ვინც ინიციატივა თავის თავზე აიღო. რევოლუციაზე დაკვეთა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში არსებობდა და ეს სრულიად ლოგიკური იყო. თუ ამბობ, რომ (1) ამ ხელისუფლებას არჩევნებით ვერ ცვლი და (2) ამ ხელისუფლებასთან შეგუება არ შეიძლება (ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ორივეზე არსებითად შეთანხმებული იყო), რა რჩება?
ბევრნი კანონიერად ვამაყობდით იმით, რომ უწყვეტი პროტესტი 300 დღეზე მეტს გრძელდებოდა, მაგრამ იგივე ვითარება ბუნებრივად ბადებდა მოუსვენრობას: “რამდენი შეიძლება?“ “რაღაც ვქნათ!“.
ვისაც მე აქციაზე ველაპარაკე, ყველა მშვიდობიან პროტესტზე იყო მოსული და ირონიით უყურებდა ორგანიზატორთა დაანონსებულ “ხელისუფლების გასტუმრებას“. რაღაც ნაწილს ამისაც სჯეროდა, თუმცა ასეთები შედარებით ცოტანი ჩანდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა: მათ რაღაცის იმედი ჰქონდათ, თუმცა (უმეტეს შემთხვევაში) არ იცოდნენ, კონკრეტულად რის.
რაც მოხდა, ძალიან ცუდია ორი აზრით. პირველია დეპრესია და მარცხის შეგნება: ერთმა და იმავე დღემ აჩვენა, რომ არც არჩევნებით გამოდის რამე და არც რევოლუციით. მაშ რა ვქნათ?
მეორე და ალბათ უფრო სახიფათო არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა ლეგიტიმური საბაბი რეპრესიების ახალი ტალღისთვის, რაც უკვე დააანონსა. შეიძლება მითხრან, რომ მას რეპრესიებისთვის შეთხზული, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებიც ყოფნიდა; მაგრამ ამ შემთხვევაში “სახელმწიფო გადატრიალების“ ნარატივს პირველად მიეცა რეალური საფუძველი და ხელისუფლება დიდი ალბათობით მეტზე წავა.
ეს არ ნიშნავს, რომ „ყველაფერი დაკარგულია“. ბოდიში, რომ ვმეორდები, მაგრამ არსებულ ვითარებაში ჩვენი ძირითადი იარაღი კონკრეტულ საკითხებში პრინციპული ქმედებები და ხელისუფლების მორალური გარიყვაა; ეს არ არის საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ აუცილებელია იმ ფუნდამენტის შესანარჩუნებლად, რასაც მომავალში (არ ვიცი, ზუსტად როდის, მაგრამ აუცილებლად) უფრო ღირსეული საქართველო უნდა დაეყრდნოს.”