საპროტესტო აქცია პარლამენტთან დაიწყო. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი . ფოტოები
გაზიარება
გაზიარება
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. პროტესტს შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მარშით მომავალი სტუდენტებიც. პროტესტის მონაწილეებმა გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი.
თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც აქცია უნდა გაგრძელდეს. პროტესტის ძირითადი ნაწილი თბილისის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება.
4 ოქტომბერს აქციაზე შეკრებილებს აქვთ სინდისის პატიმრების პოსტერები, საქართველოს დროშები, ასევე – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები.
“ევროპული გზის ჩაკეტვა დანაშაულია”, “ოცნების ბანდამ საქართველო უნდა დატოვოს”, “4 ოქტომბერს რუსთაველზე ემხობა რეჟიმი”, – ამ შინაარსის ბანერებს შეხვდებით საპროტესტო აქციაზე. “ბოლომდე” – ისმის შეძახილები.
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელიც აქციის ერთერთი ორგანიზატორია, განაცხადა, რომ დიდი საცობებია რიკოთზე და კვლავ ელოდებიან დასავლეთ საქართველოდან მომავალი მოქალაქეების შემოერთებას. მისი თქმით, დღეს შედგება პირველი ეროვნული კრება და მიიღებენ დეკლარაციას.
„გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია, ეს არის პირველი ეროვნული კრება, რაც ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში. ვიღებთ დეკლარაციას და ვიღებთ ხელისუფლებას ისევ ჩვენს ხელში და ამით ვისტუმრებთ სახლში უზურპატორ ივანიშვილს თავისი ამალით. ეს დღე უნდა იყოს და არის უკვე ისტორიული. რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაკადი მოდის დასავლეთიდან და ამიტომ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
დღეს უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეა. მოქალაქეები ყოველდღიურად გამოდიან უცვლელი მოთხოვნებით: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის პარალელურად და სოლიდარობის ნიშნად, ქართველი ემიგრანტები აქციებს მართავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
აქცია უკვე გაიმართა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოს წინ. ქართველები იკრიბებიან ბერლინში, კიოლნში, ამსტერდამში, სიდნეისა და სხვა ქალაქებშიც.
აქციის პარალელურად მიმდინარეობს თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ დიდი ოპოზიციური პარტიები. სწორედ ისინი გეგმავენ 4 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციას. ამ პარტიების ლიდერები — რვა პოლიტიკოსი — კვლავ ციხეში რჩებიან.