რატომ შეხვდა ივანიშვილი საამიროების პრეზიდენტს. ახალი საგარეო კურსის დეკლარაცია თუ სიგნალი გუნდს?
ივანიშვილის შეხვედრა საამიროების პრეზიდენტთან
გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ (ფოტო და ვიდეომასალა) პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
აღნიშნული შეხვედრა ქართველი ანალიტიკოსებისთვის რამდენიმე მიზეზით აღმოჩნდა საინტერესო. პირველი – ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხების შემდეგ, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ახალ კონტურებს იძენს.
და მეორე ეს ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაა. საქმე იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას რეალურად მართავს, ჩრდილშია, ამიტომ მისი ყოველი გამოჩენა, არა მარტო მაღალი რამგის შეხვედრებზე, არამედ, მაგალითად, ცნობილი ადამიანის პანაშვიდზეც კი, განსაკუთრებულ მოვლენად იქცევა ხოლმე.
კადრებში, რომლებიც პარტიის პრესსამსახურმა თავად გაავრცელა, ივანიშვილი მის გვერდით მდგომ “ქართული ოცნების” პრემიერს, ირაკლი კობახიძეს აშკარად „ჩრდილში ტოვებს“ და თავად უძღვება შეიხთან შეხვედრას. მის გვერდით ასევე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უშუალოდ ეხმარებოდა ივანიშვილს სტუმართან კომუნიკაციაში.
განცხადებაში არ არის მითითებული შეხვედრის ადგილი, თუმცა ფოტოების ხედები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შეხვედრა ივანიშვილის პირად რეზიდენციაში გაიმართა.
“ამ ვიდეოში ყველაზე უფრო დამამცირებელი ქვეყნისთვისაც არის ის, რომ ვიდეოში ჩანს რომ რეალურეად თანაშემწე არის მისი, ის ვისაც პრემიერ-მინისტრი დაარქვა თვითონ,” – ამბობს “ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია, ფორმულასთან ინტერვიუში.
ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრის შესახებ
შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი საქართველოში ჩამოსვლამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევმა ყარაბაღში უმასპინძლა. ბაქოში ხელი მოეწერა 14 დოკუმენტს, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი ერთ-ერთ უდიდეს დეველოპერულ კომპანიასთან — EMAAR-თან, რომელიც საქართველოში ექვს მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
„ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყნებს. მადლობას გიხდით საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულებისთვის. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც არაერთხელ შევხვდებით და პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ — ივანიშვილის სიტყვებს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
რატომ შეხვდა ივანიშვილი საამიროების პრეზიდენტს
აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ფონზე იქცევს, რომ რამდენიმე თვით ადრე, ივანიშვილმა უარი უთხრა აშშ-ის იმდროინდელ ელჩს რობინ დანიგანს შეხვედრაზე, არადა, ცნობილია, რომ ვაშინგტონი სწორედ ამ გზით გეგმავდა ივანიშვილისთვის გზავნილების გადაცემას, რაც საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას უნდა დახმარებოდა.
ამიტომ, ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის დემონსტრაციული სტუმართმოყვარეობა საამიროების ლიდერის მიმართ არის მკაფიო სიგნალი – ახალი საგარეო კურსის დეკლარაცია, რომ მისი მმართველობის პირობებში საქართველო იზოლირებული იქნება დასავლური სამყაროსგან და საგარეო კურსი მიმართული იქნება მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებთან დაახლოებისკენ.
„ივანიშვილი უკვე ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს დასავლეთთან ურთიერთობას, არა მხოლოდ გაუმჯობესებას, არამედ ზოგადად კომუნიკაციასაც. ის გადართულია აზიურ და არაბულ სახელმწიფოებზე,” – ამბობს ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი.
“ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა რომ ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი რამ აინტერესებს ეს არის საკუთარი ძალაუფლებისა და ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება. დემოკრატიული დასავლური ქვეყნებისგან დასანქცირებული და არაღიარებული მმართველი ცდილობს საქართველოს პროდასავლური კურსის ცვლილების ხარჯზე შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება,” – აღნიშნავს ვანო წერეთელი, კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი.
“ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ემირატებმა, დიდი ალბათობით თავად მოითხოვეს ივანიშვილთან შეხვედრა.
“ემირატებმა მოითხოვეს რეალურ უფროსთან შეხვედრა ანუ არ დაკმაყოფილდნენ ცერემონიალურ პირთან შეხვედრით და ამან [ივანიშვილმა] უარი არ უთხრა. და აქ უნდა გვახსოვდეს ივანშვილი ვის არ და ვერ შეხვდა – არ შევხვდა ამერიკის წარმომადგენელს, იმიტომ რომ პირდაპირ გვითხრა… ვევაჭრებიო ჩემ ფულზეო და ძალაუფლებაზეო”.
ევროინტეგრაციის პროცესის შეყოვნების ფონზე, საქართველო ცდილობს გააძლიეროს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორჯერ იყო საამიროებში ოფიციალური ვიზიტით.
ბოკერიას თქმით, რამხელა მნიშვნელობის მოთამაშეც არ უნდა იყოს ეკონომიკურად ემირატები, “ჩვენი უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის და ჯამში ეკონომიკური კეთილდღებისთვისაც და მომავლისთვის, თავისუფალი სამყარო – შეერთებული შტატები, ევროკავშირი , გაერთიანებული სამეფო, ვინც ეხლა სანქცირება მოახდინა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი”.
ოპოზიციის ვერსიით, ივანიშვილი ასევე ცდილობს დასავლური სანქციებისგან თავის დასაღწევი ალტერნატიული გზების პოვნას:
“ივანიშვილი არის ადამიანი რომელიც ძალიან მალე ელოდება ახალ სანქციებს. ადამიანი, რომელსაც დასავლეთში შეიძლება გაუყინონ ყველანაირი აქტივი და იგი ცდილობს საქართველოში გადმოქაჩოს ეს ფული, რა თქმა უნდა, ეძებს სხვა გზებს”, ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე.
ივანიშვილის გამოჩენა, როგორც შიდა სიგნალი
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გამოჩენას აქვს მეორე მიზეზიც – შიდა პოლიტიკური სიგნალი:
„როდესაც მისი გუნდი მძიმე მდგომარეობაშია, ოლიგარქი ჩნდება, რომ შეაგულიანოს საკუთარი მომხრეები,” – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
ბაჩიაშვილის საქმე
კიდევ ერთი ვერსიით, შეხვედრას უკავშირებენ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესაც.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისსა და აბუ-დაბის შორის არაოფიციალური შეთანხმება არსებობდა: საამიროებმა თანხმობა გასცეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე, რასაც, სავარაუდოდ, საერთაშორისო ნორმების დარღვევა ახლდა.
ხოლო ქართული მხარე, სანაცვლოდ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე შეიხა ნასერ ალ ნოვაისის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს — მოქმედი გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ნაცვლად.
ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილისა და საამიროების ლიდერის შეხვედრა ამ თანამშრომლობის გაგრძელების მცდელობაც იყოს.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩეველი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველო-სომხეთის საზღვართან, წითელ ხიდთან, 2025 წლის 27 მაისს უცნაურ ვითარებაში დააკავეს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებდა, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი ბაჩიაშვილი საზღვართან თავად მივიდა, იქ სეირნობდა და სუსმა დააკავა. რეალურად კი, გაირკვა, რომ ბაჩიაშვილი, რომელიც საქართველოდან 2025 წლის 2 მაისს მალულად გაიქვა, საქართველოში საამიროებიდან ჩამოიყვანეს, სპეცოპერაციით. ბაჩიაშვილს ბრალად ედება 42 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისება. თუმცა, მისი საერთაშორისო ადვოკატები ამბობენ, რომ მისი საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა და საქართველოში ის იძულებით, საერთაშორისო ნორმენის დარღვევით დააბრუნეს.