სახელმწიფო დეპარტამენტის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს
“ქართული კოშმარის არაღიარების” წინადადება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს – შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.
შესაბამისად, მას სენატზე კენჭს ცალკე აღარ უყრიან, არამედ განიხილება და კენჭს უყრიან სახდეპის ავტორიზაციის აქტთან ერთად.
ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც სენატი თითქმის ყოველწლიურად იღებს და რომელიც განსაზღვრავს, როგორ მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტი და მასთან დაკავშირებული სააგენტოები, როგორ იხარჯება ფედერალური სახსრები და როგორ ფორმდება აშშ-ის საგარეო ურთიერთობები – მოკავშირეებთან, მტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ. ის ასევე შესაძლოა მოიცავდეს ისეთ სპეციფიკურ განსაზღვრებებსაც, რაც გვხვდება “ქართული ოცნების” არაღიარების შესწორებაში.

შესწორება აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას უკრძალავს.
სურათზე ასახული შესწორების წინადადება კანონპროექტის 313-ე მუხლს მიემართება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს.
“ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით.
კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია.” – დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აშშ-ს კონგრესში 9 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან.
ავტორებს პრეცედენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ.
მას კონგრესმა კენჭი შარშან თებერვალში უყარა და 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ (NDAA-ს ნაწილად) დამტკიცების შემდეგ, მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დარეგისტრირებული “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” შინაარსი ოფიციალურად ცნობილი 16 იანვარს გახდა. დოკუმენტით, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, საქართველოს ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან მისი რომელიმე მარიონეტი უძღვება, არ აღიარებს. ამასთან, აქტი “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობების ნორმალიზებას კრძალავს.
რა წერია დოკუმენტში
● არ ცნოს და ურთიერთობის ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მასთან დაკავშირებული პირი, ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო”.
● “ქართული კოშმარის” არაღიარების აქტის თანახმად, აშშ აქტიურად შეეწინააღმდეგოს სხვა ხელისუფლებების მიერ საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას და ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მოკავშირეები, აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სავალდებულო პირველადი და მეორადი სანქციების ჩათვლით.
● აქტით სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება. კანონპროექტს დასამტკიცებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერა დასჭირდება, შემდეგ მას ხელი ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. აქტის მიხედვით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რაც უნდა დაადასტუროს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და თანათავმჯდომარემ, ამის შემდეგ ეს პოლიტიკა შესაძლოა პრეზიდენტმა გააუქმოს.
● “ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტის თანახმად, ამერიკის ფედერალური მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა თუ თანამშრომელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, ან ფედერალური მთავრობის თანხები არ უნდა დაიხარჯოს ისე, რომ ამან რაიმე სახით მიუთითოს, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ბიძინა ივანიშვილს, ან მისი და მასთან დაკავშირებული პირების ლიდერობით მოქმედ საქართველოს მთავრობას.
კომენტარი
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საინფორმაციო ხმაურის შექმნის” მიზნებით ხსნის ინფორმაციას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს.

“ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას. როგორიც საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ, თუ არ ვცდები, 2 წელი მაინცაა, რაც ე.წ. მეგობარი აქტი – მტრული აქტი ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში. ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, რაღაც ახალი იდეა მოუვიდათ, როგორც ჩანს იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ, ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაურის შექმნა. თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ, ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს.
ეს ხმაურიც გადაივლის და მერე რას აპირებენ?! იგივე ბედი ეწევა ამ ყველაფერს, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას.” – ამბობს პაპუაშვილი.