ყველანი ციხეში. საქართველოში ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი - ელენე ხოშტარია დააკავეს
ელენე ხოშტარია დააკავეს
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ელენე ხოშტარია მე-9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა.
ხოშტარია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, მოქმედი მერის, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზეა დაკავებული.
პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. პარტიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოდის ხოშტარია სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ სამართალდამცავებთან ერთად და კორპუსთან მდგარ ავტომობილში ჯდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხოშტარია „ნივთის დაზიანების“ ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კალაძის ბანერის დაზიანების გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან კალაძის ბანერებზე მართლაც გააკეთა წარწერა “რუსული ოცნება”, “რუსი”. ამით მან სოლიდარობა გამოუცხადა 23 წლის აქტივისტს, მეგი დიასამიძეს. “სოლიდარობა მეგის!”, დაწერა ხოშტარიამ სოციალურ ქსელში და კალაძის ბანერის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც აწერია — “რუსი”.

მანამდე, 9 სექტემბერს 23 წლის მეგი დიასამიძე კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის – “რუსული რეჟიმი” დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საბოლოოდ სასამართლომ მეგი დიასამიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ჯარიმის გადახდის შემდეგ აქტივისტი გაათავისუფლეს.
ამ დროისთვის, ელენე ხოშტარიას გარდა, ციხეში იმყოფება კიდევ ხუთი პოლიტიკოსი. მათი უმეტესობა დაკავებულია ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდისთვის. [სადავო პარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც წინა ხელისუფლების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულების შესწავლით იყო დაკავებული. ამ კომისიას ყოფილი იუსტიციის და კულტურის მინისტრი, დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა].
პოლიტიკოსების დაკავებების ქრონიკა:
14 მაისი, 2025 წელი. ხელისუფლების ოპონენტი, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის და გირაოს გადახდაზე უარი გამო. ოქრუაშვილს 8 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
22 მაისი, 2025 წელი. იგივე ბრალდებით დააკავეს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. მას 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
29 მაისი, 2025 წელი. პარტია “ახალის” და კოალიციის “ცვლილებისთვის” ლიდერი ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. იგივე მიზეზით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 8 თვეს გაატარებს ციხეში.
13 ივნისი, 2025 წელი. იგივე ბრალდებით დააკავეს პარტია “ახალის” და კოალიციის “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. მას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
24 ივნისი, 2025 წელი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისში იგივე ბრალდებით დააკავეს. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.
23 ივნისი, 2025 წელი. პარტია “ლელოს” ოფისში დააკავეს ამავე პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. პოლიტიკოსების დაკავების საფუძველი გახდა ასევე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა. ამ ორ პოლიტიკოს 8 თვიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ისინი შეიწყალა, რადგან მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს. შეწყალების პირობად სწორედ ეს იყო გამოცხადებული.
11 სექტემბერი, 2025 წელი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. პროკურატურა მას ქრთამის შეთავაზებასა და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს. კონკრეტულად კი, საქმე ეხევა ივლისში, ხაბეიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომ იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც დემონსტრანტებს არ დაარბევენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 200 ათას დოლარს გადასცემდა.
სხვადასხვა დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულები იყვნენ ასევე სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებიც შემდგომ გაათავისუფლეს.