დეკემბერში ბალტიის ზღვაში დაკავებული ნავთობმზიდი ტანკერის, Eagle S-ის კაპიტანი, დავით ვადაჭკორია და მისი პირველი და მეორე თანაშემწეები წყალქვეშა კაბელების გადაჭრასთან დაკავშირებით ფინეთში სასამართლოს წინაშე დღეს წარდგებიან.
რა მოხდა
გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორია, რომელმა ბალტიის ზღვის ფსკერზე გემის ღუზის თრევით კაბელი გაწყვიტა, ბრალდებულია მიზანმიმართულად კერძო საკუთრების დაზიანებაში. ზარალი 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ეკრძალებოდა ფინეთის საზღვრების დატოვება. მისი ორი თანაშემწიდან ერთი ქართველია, მეორე კი ინდოელი. სასამართლოზე ვადაჭკორიას მეუღლეც იმყოფება.
2024 წლის დეკემბერში, სანქტ-პეტერბურგიდან გასულმა გემმა თავისი ღუზა ზღვის ფსკერზე ატარა, რამაც გამოიწვია Estlink 2 ელექტრო კაბელის დაზიანება, რომელიც აკავშირებდა ფინეთსა და ესტონეთს. ასევე, ოთხი ინტერნეტ კაბელისაც. ამის შემდეგ, ტანკერი რომელიც რუსეთის ფედერაციის “ჩრდილოვანი ფლოტის” ერთ-ერთ გემად ითვლებოდა, დააპატიმრეს.
რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ.
ფინეთის ეროვნული პროკურატურის ოფისმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ დეკემბერში ბალტიის ზღვაში დაკავებული ნავთობმზიდი ტანკერის, Eagle S-ის კაპიტანსა და მის პირველ და მეორე თანაშემწეებს წყალქვეშა კაბელების გადაჭრისთვის ბრალი წაუყენეს.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქონების განზრახ დაზიანება 10 წლამდე ვადით პატიმრობას, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში ჩარევა 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
დაცვის მხარის წარმომადგენლები, რომლებსაც ფინეთის დატოვების უფლება არ აქვთ, უარყოფენ სამართალდარღვევის ჩადენას და მიიჩნევენ, რომ ფინეთს არ გააჩნია საქმეში იურისდიქცია, ვინაიდან ინციდენტი ფინეთის ტერიტორიულ წყლებს მიღმა მოხდა.
დავით ვადაჭკორია სასამართლო პროცესზე
ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S გასული წლის 26 დეკემბერს დააკავა. გემს რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ეჭვობდნენ, რომ მან ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა. მოგვიანებით, ფინეთის პოლიციამ ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ღუზა, რომელმაც დიდი ალბათობით, წყალქვეშა ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელები დააზიანა.
ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგებოდა, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეა გემის კაპიტანიც, დავით ვადაჭკორია.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა.
ვადაჭკორიამ 3 იანვარს Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “პასუხი ყველაფერს მოგვიანებით გაეცემა”. მისი თქმით, “გამოძიება კვლავ მიმდინარეობს” და დაამატა, რომ შემთხვევა “ჩვეულებრივი საზღვაო ინციდენტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ”.