საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცე“ ეთერს წყვეტს. გუნდის ინფორმაციით, მენეჯმენტმა პროექტი ფაქტობრივად დახურა მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვან ნინო ზაუტაშვილთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ შესთავაზეს მუშაობა სხვა ფორმატებში, თუმცა ეს მათი პროფესიული დაშლის მცდელობად აღიქვეს და შეთავაზებაზე უარი თქვეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სურვილია, დაშალოს „რეალური სივრცის“ გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე. ჩვენ შემოგვთავაზეს, მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში.
ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერც ერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს; არ აკეთოს გადაცემა, რომელიც ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას და რომელიც პირდაპირ პასუხობს საზმაუს მთავარ ფუნქციას, ისმოდეს საზოგადოების ხმა.
მენეჯმენტის გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას. ამიტომ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, საზოგადოებრივ მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა რეალური სივრცე და უკანონო გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი“, — ნათქვამია “რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდის განცხადებაში.
გადაცემა “რეალური სივრცე” 12 წლის წინ შეიქმნა და წლების განმავლობაში ასახავდა სოციალურ და საზოგადოებრივ საკითხებს. ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალ პოლიტიკას მხოლოდ ერთგული კადრები სჭირდება, ხოლო განსხვავებულ აზრს ეთერში აღარ დაუშვებს.
ჟურნალისტები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას და მხარდაჭერას უცხადებდნენ პატიმარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, მაუწყებლიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს.