რუსეთმა აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი უცხოელ აგენტად გამოაცხადა
ინალ ხაშიგი უცხოელ აგენტად გამოცხადდა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზი ჟურნალისტი, გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი უცხოელი აგენტის სტატუსით შეიყვანა შესაბამის რეესტრში.
სამინისტროს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ხაშიგი:
- ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე, ასევე საარჩევნო სისტემაზე;
- თანამშრომლობდა უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეებთან.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის მოქალაქეს უცხოელი აგენტის სტატუსი მიანიჭა.

თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ ყოველთვის მხოლოდ აფხაზეთის თემაზე წერდა და ვერ ხვდება, რა გახდა რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთვის მიუღებელი.
„როგორც ჩანს, აფხაზეთის სუვერენიტეტზე საუბარი ახლა უკვე მკრეხელობად მიიჩნევა,“ — ამბობს ინალ ხაშიგი.
ინალ ხაშიგი აცხადებს, რომ ეცდება აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უცხოელი აგენტის სტატუსი, სავარაუდოდ, მის პროფესიულ საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ის კვლავ გააგრძელებს წერას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე.
ჟურნალისტის თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ორ დღეში მას ათობით ადამიანი დაუკავშირდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. თუმცა, აფხაზეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
„ორი დღე გავიდა, მაგრამ არც ერთი ზარი აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, არც ერთი მხარდამჭერი სიტყვა, არათუ ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე.
ბოლოს და ბოლოს, მე თქვენი მოქალაქე ვარ და თქვენ მართავთ პატარა, მაგრამ მაინც სუვერენულ სახელმწიფოს. რამე მაინც თქვით. სულ ერთია – მომხრე იქნებით თუ წინააღმდეგი. მაგრამ თქვით!“ – აცხადებს ხაშიგი.
მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხები უკვე ავრცელებენ პოსტებს, სადაც ისინი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ამართლებენ.
რუსეთის მხრიდან ინალ ხაშიგის მხარდასაჭერად პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი გამოვიდა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება „კითხვებს აჩენს“, რადგან ხაშიგი არასოდეს ყოფილა რუსოფობი.
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიქცეს რუსეთი მოდერატორის, მედიატორისა და მოდერნიზატორის როლის ნაცვლად ცენზორად? ინალს სიმტკიცეს ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა გაიმარჯვებს!“ – წერს მარკედონოვი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო