"საქართველომ შეშფოთება გამოხატა ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის მშენებლობასა და სოხუმის აეროპორტზე" - ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი
ჟენევის მოლაპარაკებები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4-5 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე გააკეთა.
უწყების ცნობით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, “რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 63-ე რაუნდის შემდეგ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია:
“რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ შერიგების განცხადებებზე”.
რა წერია განცხადებაში
“2025 წლის 4-5 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას
63-ე რაუნდის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, და ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე.
ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.” – ნათქვამია განცხადებაში.
რა არის ჟენევის ფორმატი
● 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა.
● წლების განმავლობაში, ვიდრე “ქართული ოცნება” ქართულ-რუსული მოლაპარაკებების აბაშიძე-კარასინის ფორმატს აამოქმედებდა, ჟენევა იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თბილისი და მოსკოვი საუბრობდნენ.
● ჟენევაში წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.
● კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებს ჟენევის ფორმატი არ ეხება. ანუ, აქ არ მსჯელობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე.
● ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში:
პირველ ჯგუფში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას);
ხოლო მეორე ჯგუფში საუბარია დევნილების მდგომარეობაზე და მათი დაბრუნების საკითხზე. ასევე ეს ჯგუფი იხილავს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ეხება (მაგალითად, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ჯანმრთელობა, კრიმინალური შემთხვევები, ადამიანის უფლებები და სხვა).
● საქართველოსა და რუსეთის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.