სკანდალებისა და სროლის ფონზე, აფხაზეთის ახალ ე.წ. პრეზიდენტად კრემლის ფავორიტი ბადრა გუნბა აირჩიეს
აფხაზეთში არჩევნების მეორე ტური
1 მარტს გამართული მეორე ტურის შედეგებით, აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი ბადრა გუნბა გახდა – ხელისუფლების კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მემკვიდრე და კრემლის ფავორიტი. არჩევნები სკანდალებისა და საარჩევნო უბანზე სროლის ფონზე წარიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2 მარტს, შუადღის მონაცემებით გამოცხადებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ბადრა გუნბამ ხმების 54,7% მიიღო, მაშინ როცა მისმა ოპონენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ – 41,54%.
მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 70%-ს მიაღწია, რაც 100 ათასზე ოდნავ მეტ ადამიანს შეადგენს.
თუ პირველმა ტურმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, მეორე ტური თავიდანვე უკიდურესად დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა.
1 მარტის დილიდანვე სხვადასხვა მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ნაკლებობა შეინიშნებოდა – ანუ ყველა ბიულეტენი, რომელიც ცესკომ გამოსცა, უბნებზე არ იყო მიტანილი. სად გაქრა ეს ბიულეტენები, უცნობია.
რამდენიმე უბანზე, მათ შორის იმაზე, სადაც თავად ბადრა გუნბა აძლევდა ხმას, საარჩევნო ურნები დაუმოწმებელი აღმოჩნდა.
კიდევ ერთ უბანზე, ოპოზიციის დამკვირვებლების ინფორმაციით, დაულუქავ ურნაში ბიულეტენები აღმოაჩინეს, რომლებზეც საარჩევნო კომისიის წევრთა ხელმოწერები არ იყო. საბოლოოდ, აღნიშნული უბანი დაიხურა.
მიუხედავად დაძაბული პროცესებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ გამოვლენილ დარღვევებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
ბადრა გუნბას წინასაარჩევნო კამპანია კრემლის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიმდინარეობდა – მოსკოვი არც ფინანსურ და არც ადმინისტრაციულ რესურსებს არ იშურებდა მისი გამარჯვებისთვის.
ამასთან, რუსული მედია აქტიურად ცდილობდა ოპოზიციონერი კანდიდატის, ადგურ არძინბას დისკრედიტაციას – მას ანტირუსულ ელემენტად, “პროდასავლელად“ და ანკარის მფარველობაში მყოფ ფიგურად წარმოაჩენდა.
თუმცა, მიუხედავად ამ „შავი პიარისა“, არძინბამ თითქმის 42%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორის, ინალ ხაშიგის შეფასებით, ეს ფაქტი ბადრა გუნბას პრეზიდენტობას სერიოზულ გამოწვევად აქცევს.
„როდესაც გამარჯვების ეიფორია ჩაცხრება და მძიმე ყოველდღიურობა დადგება, ბადრა გუნბას მოუწევს რაღაცის გაკეთება იმ 42%-ის გასათვალისწინებლად, ვინც, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
გუნბას ვერ გამოუვა აფხაზეთის მართვა იმავე მეთოდებით, როგორც ეს მისმა სამმა წინამორბედმა გააკეთა.
თუ გავითვალისწინებთ ჩიხს, რომელშიც ქვეყნის მმართველებმა აფხაზეთი შეიყვანეს, გუნბას წინასაარჩევნო ლოზუნგი – „სტაბილურობისთვის“ – უადგილოდ ჟღერს.
ამ ეტაპზე „სტაბილურობა“ მხოლოდ უწყვეტ კრიზისს ნიშნავს.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია რეალური რეფორმები თითქმის ყველა სფეროში. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს სიტყვა „სტაბილურობა“ უფრო კონსტრუქციულ და სიცოცხლისუნარიან მნიშვნელობას,“ – მიიჩნევს ინალ ხაშიგი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო