"ლიეტუვა და ესტონეთი უცხო ქვეყნის კარნახით მოქმედებენ" – საქართველოს მთავრობის განცხადება
საქართველოს მთავრობის განცხადება
“ქართული ოცნება”, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების საპასუხოდ, განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს ცალმხრივ ურთიერთობას ამ ქვეყნებთან.
მათივე განმარტებით, ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც “ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი” და რომელთა მთავრობები “არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ”.
რა წერია განცხადებაში
“როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის
ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ.
სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი
ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!” – წერია განცხადებაში.
15 დეკემბერს ესტონეთმა “ქართული ოცნების” რეჟიმის დამატებით 14 პირს დაუწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სანქცირებულთა შორის არის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
ასევე, ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
5 კი დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, სანქციები მიმართულია ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც “საქართველოს პუტინს გადასცემს”.