4 ოპოზიციური პარტია კაია კალასს მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს
4 ოპოზიციური პარტია კაია კალასს მიმართავს
4 ოპოზიციური, ბარიერგადალახული პარტია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად გადაუდებელი ქმედებები განახორციელონ.
განცხადებას ხელს აწერენ: ნიკა მელია -კოალიცია ცვლილებისთვის, თინა ბოკუჩავა – ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, მამუკა ხაზარაძე – ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის, ზაზა თავაძე – გახარია – საქართველოსთვის.
რა წერია განცხადებაში. მოკლედ
● 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა 2028 წლამდე შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამან გამოიწვია მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც სახელმწიფომ ორგანიზებული ტერორი დაუპირისპირა. რეჟიმის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ შოკისმომგვრელი ღალატია, მათთვისაც კი, ვინც პარტია ქართულ ოცნებას ხმა მისცა.
თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, 9 დეკემბრის მონაცემებით, ქუჩებში დარბევის და სახლებში ჩხრეკის დროს, 500-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთა ასაკი 14-დან 60 წლამდეა.
● 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 73 ჟურნალისტი,ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სპეცრაზმისა და ქუჩის ბანდების მიერ წარმოებული ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს მოიცავს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას.
● ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც კი ფაქტების შეფასებისას აღიარა, რომ „ფიზიკური ძალადობა არაადეკვატურია“. მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, გამოძიება არ ჩატარებულა და დამნაშავეები ხშირად ამოუცნობი რჩებიან, რადგან სპეცრაზმის ოფიციალური ქვედანაყოფები არ ატარებენ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, ხოლო ქუჩის ბანდის წევრები სახეებს ინიღბავენ.
● პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. 5 დეკემბერს, ოპოზიციის ლიდერებს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ბანდფორმირებამ ძალადობრივი ჩასაფრება მოუწყო ცენტრალურ თბილისში გამართული შეხვედრის დროს. პოლიცია არ ჩარეულა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა გვარამია (“კოალიცია ცვლილებებისთვის”) და ალეკო ელისაშვილი (“ძლიერი საქართველო”) დააკავეს; ელისაშვილი მძიმედ დაშავდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. დაარბიეს რამდენიმე პარტიის ოფისი, თავს დაესხნენ პარტიის წევრებს და სასამართლო სისტემა გამოიყენება, როგორც იარაღი ოპოზიციისა და დემონსტრანტების დასათრგუნად.
● ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს რეჟიმის გეგმა, რომ 14 დეკემბერს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად აირჩიონ მიხეილ ყაველაშვილი. ყაველაშვილი იყო „უცხოელი აგენტების კანონის“ ერთ-ერთი ინიციატორი და ხშირად ეწევა მძაფრ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ივანიშვილის თვითგამოცხადებული და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში მას არც დამოუკიდებლობა ექნება და არც ლეგიტიმაცია.
● ჩვენ, ქართული პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მომიტინგეებთან ერთად, ერთხმად ვეთანხმებით, რომ არსებული კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება გაუმჯობესებულ საარჩევნო ჩარჩოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით. საარჩევნო დარღვევებში მონაწილე სახელმწიფო უწყებები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური გავლენისგან.
ამ კუთხით, ჩვენ პატივისცემით მოგიწოდებთ, განახორციელოთ შემდეგი გადაუდებელი ქმედებები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად:
● მოვითხოვთ ყველა დაკავებული პოლიტიკოსის, აქტივისტისა და მშვიდობიანი დემონსტრანტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
მოვითხოვთ დაწესდეს მიზნობრივი სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატისთვის ძირგამომთხრელ ქმედებებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებს, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ რეპრესიებში.
● მოვითხოვთ არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული თანამდებობის პირებისთვის შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და შეზღუდოს უვიზო რეჟიმით სარგებლობის პრივილეგიები. მოვითხოვთ გამოცხადდეს ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებული რეჟიმი არალეგიტიმურად ევროკავშირის ყველა შესაბამის განცხადებაში.
● მოვითხოვთ მკაცრად, საჯაროდ დაიგმოს მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და აქტივისტების მიმართ ძალადობრივი ქმედებები, აგრეთვე, ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებული რეჟიმის დაჟინებული მცდელობა ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
● ამ დოკუმენტირებული წუხილების მიუხედავად, ბოლოდროინდელი დიპლომატიური ჩართულობა ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან გამოყენებული იქნა შიდა მედიაში, როგორც საერთაშორისო აღიარების მანიშნებელი. ამგვარი ნარატივების გავლენის შესამცირებლად, მოქმედი რეჟიმის წარმომადგენლებთან ყოველგვარი კონტაქტის შეჩერება, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, რჩება ყველაზე ეფექტურ გზად.
● ქართველი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ავტორიტარიზმს, იბრძვის მათი დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია წარმატებისთვის. თქვენი მკაფიო ხმა, მტკიცე მოქმედებებთან ერთად, გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოში საგანგაშო სიტუაციის დეესკალაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოს აღდგენაში.”- ნათქვამია წერილში.
პირველ დეკემბერს ევროკომისიისა და საგარეო უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია.
კალასი და კოსი წუხან ირაკლის კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივ, უფრო მკაცრ პოზიციაზე შეთანხმდებიან, მაშინ ორბანი ვერაფრის დაბლოკვას ვერ შეძლებს.
ამასთან, როთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს არც გეგმა და არც სტრატეგია არ გააჩნია. მისივე თქმით, მხოლოდ სოლიდარობის ცარიელი გამოხატულება საკმარისი არ არის.
მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის გეგმის არარსებობის დასამალ საბაბად გამოიყენება და მათ არანაირი შეთანხმების დაბლოკვის ძალა არ გააჩნიათ, თუ კონკრეტული ქვეყნები შეთანხმდებიან.
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევასაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის “არჩევა”, საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის “გლაიხშალტუნგისკენ” გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აღრმავებს ქვეყნის დაყოფას, გადატრიალებას გეგმავს და ცდილობს, ლიბერალური დემოკრატიის განადგურებას.