ოპოზიციური კოალიციები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ოპოზიციური გაერთიანებები, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მესამე კოალიციას “ძლიერი საქართველო” არჩევნების არ აღიარებაზე მკაფიოდ არ განუცხადებია, თუმცა, ლიდერებმა თქვეს, რომ “არ აპირებენ ეს არჩევნები ვინმეს გაატანონ”.
ასევე ცნობილია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პოზიცია. პარტიაში ისაუბრეს არჩევნების გაყალბების მეთოდებზე და თქვეს, რომ ჯერ დაელოდებიან საბოლოო შედეგებს.
განცხადებები ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა არჩევნების დასრულებიდან და წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გვიან ღამით გააკეთეს [დაახლოებით 01:00 – 01:30 საათის შუალედში].
ამ განცხადებებს წინ უსწრებდა სამი ოპოზიციური კოალიციის “ერთიანობა – ნაციოანლური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა.
„ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი. ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული და მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ. ამ მოპარული და მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
„არჩევნების არის მოპარული. მოხდა ხელისუფლების უზურპაცია, ეს არის გადატრიალება. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლითაც მოიპარეს არჩევნები. ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას. კონსტიტუციური გადატრიალების ავტორებს ელოდებათ შედეგები, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
“ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი დაწერაც გაბედა ცენტრალურმა კომისიამ. შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს ციფრები ეწინააღმდეებგა საქართველოს ისტორიულ და დღევანდელ არჩევნებს, ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად, ვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას, რომ დაცული იქოს საქართველოს ხალხის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. არ ვაპირებთ ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი“, – განაცხადა ანა დოლიძემ კოალიციიდან “ძლიერი საქართველო”.
პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათ აქვთ არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.
„როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითხოვს და როგორც გვჩვევია, დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას. მაგრამ, გულხედაკრეფილები არ ვისხდებით და ვიმუშავებთ, რომ ეს მტკიცებულებები მიეწოდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა ისიც, რომ იქნება საპროტესტო აქციები.
“ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვენ ქვეყანა უნდა ვიხსნათ რუსეთისგან და ჩვენ გვერდით დგას ევროპა. ვიძახდით, რომ არსებობს სხვადასხვა სცენარი, ვემზადებოდით სხვადასხვა სცენარისთვის, გაყალბება, დაწერა, მიწერა, მანიპულაცია და ასე შემდეგ, დადგა ეს სცენარი, მათ გადაწყვიტეს, რომ წავიდნენ პრაქტიკულად საკუთარი თავის განადგურების გზით, რადგან მთელი მსოფლიო აფრთხილებდა, დღეს ჩვენ ვართ ძალიან, მყარა, ძალიან პრინციპულად და ბოლომდე იმ პოზიციაზე, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, ჩვენ ამას არ შევეგუებით და გადავდივართ უწყვეტ პროტესტზე, ეს პროტესტი იქნება ორგანიზებული…” – განაცხადა ხოშტარიამ.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 01:30 საათის მონაცემებით ასეთია:
- #4. კოალიცია ცვლილებისთვის – 11.17 %
- #5. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 9.85 %
- #9. „ძლიერი საქართველო!“ – 8.99 %
- #25. „გახარია საქართველოსთვის“ – 8.22 %
- #41. “ქართული ოცნება” – 53.06%.
ეს არის კენჭისყრის წინასწარი შედგები ხელით გადათვლილი ბიულეტენების მიხედვით. როგორც ცესკოში განმარტეს, იურიდიული ძალა სწორედ ხელით გადათვლილ ბიულეტენებს აქვს.
ამ დროისთვის დათვლილია 2251 უბანი 3111 უბნიდან.
შეგახსენებთ, საზღვარგარეთის ბევრ უბანზე [დროში არსებული სხვაობის გამო] საარჩევნო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს