"თქვენ თუ ფრთები არ გაქვთ, მე მაცალეთ ფრენა". კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე
18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მიღებიდან ერთ დღეში, თბილისში მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. დილით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია ბრალდებულის დაკავების შესახებ და თქვა, რომ 26 წლის კაცმა, “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე”, ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ტელევიზიებმა გაავრცელეს სადარბაზოში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული ლიფტში შესვლიდან დაახლოებით 14 წუთში კიბეებზე ჩამორბის.
- საქართველოს პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონი მიიღო
- როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
კესარია აბრამიძე ერთ-ერთი პირველი ტრანსგენდერი ქალია საქართველოში, რომელმაც საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. ის იყო მსახიობი და მოდელი, ასევე, ტელეწამყვანი და სხვადასხვა შოუში აქტიურად საუბრობდა საკუთარ გამოცდილებებზე.
მკვლელობიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა კესარიას პოსტი, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და წერდა, რომ 2 წლის განმავლობაში იყო მანიპულაციისა და ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაც დატოვა. ქალი ამბობდა იმასაც, რომ პარტნიორის მხრიდან ძალადობის შედეგად, ჰქონდა ტვინის შერყევა.
ძალადობას მედიასთან ადასტურებენ მეზობლები და მეგობრები. მთავარ არხთან ქალის მეგობარმა, იაკობ მამულიამ თქვა, რომ ბრალდებული აპრილის აქციების დროს იყო იმ ზონდერებს შორის, რომლებიც მშვიდობიანი აქციების მონაწილეებზე ძალადობდნენ.
“ეს რომ დაინახა, იმ დროს გაწყვიტა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი მეგობართან იყო წასული, ქვეყნიდანაც იყო წასული. რომ დაბრუნდა, იმან არ მოისვენა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ მე შენ ესე გამაგიჟე, მომწონხარ, ვიღაცები მეუბნებიან, რომ “გადაკეთებულ” ქალთან ხარ… როცა ვნახე ეს “სთორი” [კესარიას სოციალურ ქსელში], დავუკავშირე ამ შემთხვევას, იმიტომ, რომ ეს ტიპი იყო ისე, რომ თან არავინ არ მაინტერესებს, ჩემი უნდა იყო, ცოლად უნდა მოგიყვანოო, თან ასეთი რომ ვარ შენი ბრალიაო”, — ამბობს მამულია მთავარ არხთან.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე და პოლიტიკური პასუხისმეგბლობა
უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში სიძულვილის გაძლიერებაზე მიუთითებენ. ელენე ქაიხოსროშვილი JAMnews-თან ამბობს, რომ როცა ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედიები ახალისებენ საზოგადოებაში ისედაც მაღალი ხარისხით არსებულ ტრანსფობიას, ეს მოქმედებს უშუალოდ თემის წევრების განწყობებზეც საკუთარი თავის მიმართ, ასევე, მათი პარტნიორების განწყობებზე და აძლიერებს ინტერნალიზებულ ჰომოფობიას/ტრანსფობიას.
ინტერნალიზებული ჰომოფობია/ტრანსფობია არის ჰომოფობია/ტრანსფობია საკუთარი თავის მიმართ და აღნიშნავს LGBTQ+ ადამიანების მიერ ცნობიერ, ქვეცნობიერ ან არაცნობიერ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ქვიარობა, ქვიარ ურთიერთობები მიუღებელია. ინტერნალიზებული ჰომოფობია/ტრანსფობია გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებებითა და წარმოდგენებით ქვიარ ადამიანების მიმართ.
“კესარია იყო ყველაზე ხილვადი ტრანსი ქალი საქართველოში. ის პირველი ტრანსი ქალი იყო, ვინც ღიად დაიწყო საუბარი საკუთარ იდენტობაზე, მათ შორის, ტრანზიციაზე. უბრალოდ შეუძლებელია, რომ კანონის მიღებიდან 24 საათში საქართველოში ყველაზე ხილვადი ტრანსი ქალის მკვლელობა არ დაუკავშირო იმ დისკუსიებს, რაც გაღვივდა ამ კანონთან მიმართებაში”, – ამბობს ელენე და ამატებს, რომ ხელისუფლების მიერ კანონზე საუბრის დაწყების დღიდან აქტივისტები სიძულვილის ზრდას ელოდნენ.
უფლებადამცველის თქმით, ქართული ოცნების მიერ მიღებული სიძულვილის კანონის ყველაზე მთავარი, მყვირალა მესიჯბოქსი სწორედ ტრანსფობიური იყო – “ქალი ქალი უნდა იყოს და კაცი – კაცი”. თავად კანონი კი ტრანს ადამიანებს განსაკუთრებულად აზარალებს, რადგან მოიცავს ჯანდაცვაზე წვდომის, გენდერის სამართლებრივი აღიარების და სხვა უფლებების შეზღუდვას.
ელენე აღნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში “ქართული ოცნება” ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა და ხაზს უსვამენ პარტნიორის მხრიდან მკვლელობას, ფემიციდს.
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
- LGBT წყვილის რეალური ცხოვრება ბაქოში. VIDEO
- ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
“ფემიციდი არ გამორიცხავს ტრანსფობიურ მოტივს, ტრანს ფემიციდს. კესარია იყო ტრანსგენდერი ქალი, ეს იცოდა ყველამ და ეს იცოდა მისმა პარტნიორმაც. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მკვლელობა უფრო მიმყარებს ეჭვს ტრანსფობიაზე. ხელისუფლების წარმომადგენლების ნარატივი, რომ პარტნიორმა მოკლა, ქვეტექსტით, რომ ეს მკვლელობა არ არის ტრანსფობიის და შესაბამისად, კანონის და მის ირგვლივ არსებული ჯოჯოხეთური დისკუსიების ბრალი, პირველ რიგში, ძალიან სულმდაბლობაა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა, მეორე რიგში კი, ძალიან ზედაპირული მსჯელობა, რომ რადგან ტრანსი ქალი მოკლა პარტნიორმა, თითქოს ტრანსფობია არაფერ შუაშია. არასწორია იმის დაშვება, რომ თავად თემის წევრებზე, მათ პარტნიორებზე არ აისახება ამხელა ჰომოფობიური და ტრანსფობიური კამპანია. ეს ადამიანები არიან საზოგადოების წევრები, რომლებსაც ასეთი დისკუსიებით საკუთარ თავს აზიზღებენ”, — ამბობს ელენე.
საქართველოში მოქმედი ქვიარ ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ეს დანაშაული, არის ბოლო წლებში მიმდინარე ჰომო, ბი, ტრანსფობიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მთავარი მიზანი ლგბტქ ადამიანების სიცოცხლის გაუფასურებაა.
“ცენზურისა და სიძულვილის დამწესებელმა კანონმა მთავარ სამიზნედ ლგბტქ თემი, განსაკუთრებით კი ტრანს ადამიანები ამოიღო. ბიზნეს ელიტამ, რომელსაც რუსი ოლიგარქის წყალობით პარლამენტარები ეწოდებათ, აირჩიეს საზოგადოების გათიშვის გზა. ნაცვლად საერთო სიკეთეების შექმნისა და ზრუნვისა, ბოლო 12 წელი გარიყვისა და სიძულვილის დათესვას, ოჯახების დაუძლურებისა და გაღარიბების პოლიტიკას მიუძღვნეს”, — აცხადებენ თანასწორობის მოძრაობაში.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) აღნიშნავს, რომ ფაშისტური ანტი-ლგბტ კანონის მიღებიდან მალევე ტრანსგენდერი ქალის სასტიკი მკვლელობა ამ ბოროტი გადაწყვეტილების მხოლოდ ტრაგიკულ სიმბოლოდ კი არ იქცევა, ის პირდაპირი შედეგი და კონკრეტული მაგალითია იმისა, თუ რა მოჰყვება ფაშისტური სიძულვილის პროპაგანდას და დაკანონებას.
“არ დაგვავიწყდეს, რომ ფაშიზმის, ტრანსფობიის, ჰომოფობიის, მიზოგინიის დამკანონებლებს და გამზიარებლებს ჩვენი ცხოვრება არაფრად უღირთ. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში, ერთმანეთი გავაძლიეროთ და გადავარჩინოთ მათ მიერ მოწყობილ სიცოცხლისთვის საშიშ, უსამართლო და უთანასწორო სამყაროში”.
ტრანსფობია და ფემიციდი
თბილისი პრაიდის განცხადებით, თავზარდამცემია, რომ კესარიას მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები როგორც ტრანსფობიას, ასევე ფემიციდს უკავშირდება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შემაძრწუნებელია გარემო, სადაც პოლიტიკურად ნაწარმოებ სისტემურ სიძულვილს ადამიანის ერთადერთი, უნიკალური, უძვირფასესი სიცოცხლე ეწირება.
“დღეს საქართველოში ჩვენი თემის ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, იმის შიშში არსებობაა, ვისი გამოგლოვა მოგვიწევს შემდეგ, ან თავად ჩვენ ხომ არ ვიქნებით შემდეგი. სისტემურად ნაწარმოები სიძულვილი არსად მიდის და საბოლოოდ ყოველთვის ძალადობაში ითარგმნება, ჩვენს სხეულებზე ტოვებს კვალს. სახელმწიფოსა და მოძალადეების ჰარმონიულ თანამშრომლობას მივყავართ ასეთ სავალალო შედეგებამდე. ამის თანაშემოქმედი და წამხალისებელი რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას”, — აცხადებენ თბილისი პრაიდში.
ორგანიზაცია ითხოვს სათანადო ზომების მიღებას სახალხო დამცველის, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ასევე, შსს-სგან, რომ ეფექტური გამოძიებისთვის და მომავალში მსგავსი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღკვეთისთვის გამოძიების პროცესში ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ კესარიას ნათელი ხსოვნის პატივსაცემად და სხვა ქვიარ ადამიანების გადასარჩენად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას, რომ ადამიანი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაიცავს.
“ყველას, ვისაც აქვს რაიმე ბერკეტი, ჩაებას სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ რეაგირებას. რადგან კესარია ფაშისტურმა პოლიტიკამ შეიწირა, ჩვენ სოლიდარობის პოლიტიკას უნდა დავუჭიროთ მხარი. ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში აღარასოდეს, არც ერთმა ხელისუფლებამ აღარ გაბედოს ადამიანების სიცოცხლით თამაში”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ქვიარ ასოციაცია თემიდაში აღნიშნავენ, რომ სიძულვილის ნიაღვარი რომელიც დღეს პოლიტიკოსების მხრიდან მოედინება, საზოგადოებაში სიძულვილის კულტივირებას და ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს და ახალი კანონი არის სიძულვილისა და ძალადობის დაკანონება.
“რთულია დავიჯეროთ, რომ ქართული პოლიცია, განსაკუთრებით უახლესი კანონის მიღების შემდგომ, სწრაფად და მიუკერძოებლად მოახერხებს ამ საქმის გამოძიებას”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში და მოუწოდებენ შსს-ს, გამოძიების პროცესში ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. გარდა ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, სიძულვილის ნიშნის გამოკვეთისა და დანაშაულისათვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, ჩაერთოს გამოძიების პროცესში და გამოძიებას გაუწიოს მკაცრი და სრულყოფილი ზედამხედველობა.
პოლიტიკურ ჰომოფობიაზე და გენდერულ უთანასწორობაზე საუბრობენ სამოქალაქო ორგანიზაციებიც. PHR-ის განცხადებით, სწორედ ამის შედეგია კესარიას მკვლელობა.
“უკვე წლებია პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა. სახელისუფლებო მედია საშუალებებიც აქტიურად აწარმოებენ ჰომოფობიურ პროპაგანდას, იყენებენ სიძულვილის ენას და ამ გზით აღვივებენ ძალადობას საზოგადოებაში. სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა, ისევე როგორც, ზოგადად, ბოლო წლებში ქვიარ ჯგუფების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და ფემიციდის შემთხვევები”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრშიც აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ რიტორიკაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
“თითქმის ერთი წელია, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება აგრესიულად იყენებს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ენას და მისი კულტივირება პროპაგანდის მასობრივი იარაღით ხდება. პოლიტიკური ჰომო/ბი/ტრანსფობია ხელისუფლების ოფიციალურ დისკურსსა და იდეოლოგიად იქცა, რაც ყველაზე ნათლად გუშინ ანტი-ლგბტი ფაშისტური კანონმდებლობის მიღებაში გამოვლინდა. ცხადია, სიძულვილის პოლიტიკა იწვევს მძიმე შედეგებს – ლგბტქი ადამიანების ჩაგვრას, მარგინალიზაციას და მათ მიმართ ძალადობას. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე ამ მძიმე საერთო კონტექსტის გარეშე ვერ აღიქმება”, — აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კესარია აბრამიძის მკვლელობას Facebook-ზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი.
“საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!”, — დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
სიძულვილის წამახალისებელი კანონი და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები
ქართულმა ოცნებამ 17 სექტემბერს მიიღო სიძულვილის წამახალისებელი კანონი, რომელიც ზღუდავს ქვიარ უფლებებს და აწესებს ცენზურას. კანონი სახელწოდებით “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” გვთავაზობს ქალისა და კაცის, ასევე, ბიოლოგიური სქესის განმარტებას. დოკუმენტის მიხედვით, “პოპულარიზაციად” ჩაითვლება ინფორმაცია ან ქმედება, თუ “ობიექტური დამკვირვებლის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია/აღნიშნული ქმედება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნებას ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობას ან ინცესტს დადებითად ან/და მისაბაძად წარმოაჩენს”. კანონში ასევე წერია, რომ ინფორმაციის ან ქმედების შეფასებისას გაითვალისწინებენ მის შინაარსს, ფორმას და სახეს, მეთოდს, დროს და სივრცეს, ასევე, ვითარებას, “რომელშიც იგი გავრცელდა (მიეწოდა სხვას)/განხორციელდა” და იმ პირთა წრეს, რომელიც ამ ინფორმაციის/ქმედების ადრესატი აღმოჩნდა.
ამ კანონით იკრძალება ქვიარ ადამიანების ქორწინება, რომელიც საქართველოში ისედაც არ იყო დაშვებული, ასევე, შვილად აყვანა. ასევე, ტრანზიციის მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება. გარდა ამისა, კანონი კრძალავს გენდერის სამართლებრივ აღიარებას.
ქართული ოცნების დოკუმენტი ასევე ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, რომელიც მიმართული იქნება “პოპულარიზაციისკენ”. კანონის თანახმად, იმ ინფორმაციის გავრცელება, რასაც ხელისუფლება უწოდებს “პოპულარიზაციას”, ეკრძალებათ მაუწყებლებს, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, უნივერსიტეტებს.
გარდა ამისა, იკრძალება ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით, მათ შორის, შემოქმედებითი ნაწარმოების გაზიარება ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში იგულისხმება ისეთი შემთხვევაც, როდესაც “სუბიექტმა არასრულწლოვანი დაუშვა იმ ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ინფორმაცია სიტყვიერად, ხმოვანი მოწყობილობით ან/და ვიზუალურად ვრცელდება, თუ აღნიშნულ სუბიექტს ამ არასრულწლოვანის ასეთ ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდვის უფლება და გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა”.
საქართველოს ხელისუფლების ჰომოფობიური კანონის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ამასთან, ქართული ოცნების კანონი 17 მაისს, რომელიც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, აწესებს “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის” დღედ. აღსანიშნავია, რომ ეს დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლისთვის 2014 წელს დააწესა — 2013 წლის ამავე დღეს სასულიერო პირებისა და მრევლის მხრიდან აქტივიტებზე ძალადობისა და დარბევის შემდეგ, როცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება არ/ვერ დაიცვა.
ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში მრავალი წლის პრობლემაა, თუმცა ახლა ამას ხელს უწყობს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური კამპანიაც. ქვეყანაში ქვიარ ადამიანებს რიყავენ, ჩაგრავენ, მათზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად და კლავენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ცნობილი გახდა მინიმუმ 6 ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისა თუ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ:
საბი ბერიანი — 2014 წელი;
ბიანკა შიგუროვა — 2016 წელი;
ზიზი შეყილაძე — 2016 წელი;
ლიკა კონცელიძე — 2018 წელი;
ლიზა ქისტაური — 2023 წელი;
კესარია აბრამიძე — 2024 წელი.
გარდა ამისა, კვლავ პრობლემად რჩება გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები და მკვლელობები. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2023 წელს საქართველოში 24 ქალი მოკლეს და 27 ქალის მკვლელობა სცადეს. ფემიციდის არაერთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი მიმდინარე წელსაც.
nproject