აშშ-მ "ხარება" და მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსი კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა
აშშ-მ ხარება დაასანქცირა
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ძალოვნები, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა.
ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან უმაღლესი სახელისუფლებო და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც “ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით”.
ზვიად ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ხოლო მილერი ლაგაზაური მისი მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ “ხარებას” მსგავსად მისი მარჯვენა ხელიც ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. ორივე მაღალჩინოსნის სახელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ჩადენილ ძალადობას უკავშირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ მათ ისეთ ქვეყნებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა.
“დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ზემოთ ხსენებული პირების ყველა ქონება და ქონების ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებშია ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაბლოკილია და მოხსენებულია OFAC-თან (აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახური).
ასევე, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს.
თუ OFAC-ის მიერ გაცემული ზოგადი ან სპეციფიკური ლიცენზიით არ არის ნებადართული, ან არ არის გამონაკლისი, OFAC-ის რეგულაციები ზოგადად კრძალავს აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში (ან ტრანზიტით) ყველა ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს რაიმე ქონებას ან ინტერესებს განსაზღვრული ან სხვაგვარად დაბლოკილი პირების ქონებაში.
აშშ-ს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი სანქციები E.O.-ს დარღვევისთვის. ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც გარკვეულ გარიგებებში ან აქტივობებში მონაწილეობენ სანქციების ქვეშ მყოფ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ აღსრულების ღონისძიებებს.
აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი განსაზღვრული პირის მიერ, მისთვის ან მის სასარგებლოდ ფულადი სახსრების, საკუთრების ან მომსახურების ნებისმიერი შენატანის ან მიწოდების შეტანას, ან ნებისმიერი ასეთი პირისგან ფულადი სახსრების, საქონლის ან მომსახურების ნებისმიერი შენატანის ან მიწოდების მიღებას”. – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ბრედლი სმიტი განმარტავს, თუ რატომ დაუწესა შტატებმა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები.
ბრედლი სმიტის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს დასავლეთის შეშფოთებას საქართველოში განვითარებული ანტიდემოკრატიული ქმედებების მიმართ, რომლის მიხედვითაც, სმიტის თქმით, შავ სიაში შეყვანილი პირები საკუთარი მიზნების მისაღწევად მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს იყენებდნენ.
ამასთან, ბრედლი სმიტი აღნიშნავს, რომ “შტატები რჩება ერთგული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობენ”.
23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა და ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გადახედვის შესახებ გააკეთა განცხადება.
სავიზო შეზღუდვები შეეხო პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე, ძალადობასა და დაშინებაზე.
5 ივლისს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები Noble Partner-ი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დააინიცირეს.
31 ივლისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა ბლინკენს წერილი მისწერეს, სადაც ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვენ.