Politico: კონგრესში "ქართული ოცნების" დეპუტატების სანქცირების კანონპროექტს დღეს წარადგენენ
Politico სანქციების შესახებ
გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს კონგრესში დღეს წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც “რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონს” მხარი დაუჭირეს.
გამოცემის მიხედვით, კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico-ს წყარო გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს, რომ ქართული ოცნება “მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით”.
ამავდროულად, დრაფტში ხაზგასმულია, რომ თბილისი “ღიად თავს ესხმის” აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც “ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას”, პარალელურად კი “აძლიერებს” კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.
დემოკრატიის დაცვისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ფარგლებში კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც არსებითი პასუხისმგებლობა გააჩნიათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევასა და ძირის გამოთხრაში. კანონპროექტი მოიცავს სავიზო სანქციებს იმ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წევრების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში – აღნიშნავს გამოცემა.
“სანქციები ასევე შეეხება სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ უცხოეთის აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების ჩახშობას. “ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსულ ათობით ათასს ადამიანს ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემითა და დაკავებით უპასუხა.” – წერია სტატიაში.
Politico წერს, რომ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი კონგრესს კანონპროექტს დღეს წარუდგენს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის აქტივების შესახებ საქართველოში.
● “ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას” – შოლცი და მაკრონი
● რუსული კანონი საბოლოო ვერსიით, ფიზიკურ პირებსაც შეეხება
● “ჩვენ ძალიან მძიმე ფაზაში შევდივართ” – ანალიტიკოსები ო’ბრაიენის ვიზიტს აფასებენ
18 მაისს ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით “საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად” 4 ივნისს მოსმენა გაიმართება.
განცხადებიდან ვიგებთ, რომ მოსმენაზე კითხვებს უპასუხებენ დარგის ექსპერტები, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.
“ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ასეთი კანონმდებლობის სრული ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მოსპობს.
ევროპარლამენტმა მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს.
შეერთებულ შტატებში, კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის ძლიერ და ხანგრძლივ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის პოტენციურად ინდივიდუალური ვიზების აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ოცნების ხელისუფლება პროდემოკრატიულ და პროდასავლურ მოსახლეობას მათი ნების საწინააღმდეგოდ მიათრევს მოსკოვისკენ და მზადაა ამ გზაზე დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას”. – წერს ჰელსინკის კომისია.