სალომე ზურაბიშვილი: ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა -„აბა, რა არის მასში რუსული“, ამას ვერ შეცვლის
სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონზე
ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა, რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა არანაირ შესწორებებს არ შეიტანს. მან ურჩია ხელისუფლებას, თუ “მაინც” მიიღებენ კანონს, მისი ამოქმედება მოხდეს არჩევნების შემდეგ, პირველი ნოემბრიდან.
ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსულია და „ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ არ დაბრუნდება“.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს და ევროპის “მუქარა” სანქციებზე მათზე ვერ იმოქმედებს და რუსულ კანონს მაინც მიიღებენ.
პრემიერმა 12-13 მაისს დაგეგმილ აქციებზე მომხდარი ყველა შესაძლო ინციდენტი წინასწარ დააბრალა ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას და მონაწილეებს უმკაცრესი პასუხისგებით დაემუქრა. კობახიძის თქმით, “დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება”.
კობახიძის თქმით, კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ.
“ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა – წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო – მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, “ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად”, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“.
“ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა”, – თქვა პრეზიდენტმა.
● პრემიერმა ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. პრეზიდენტის და მოქალაქეების კომენტარები
● საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში რუსული კანონის გამო გადადგა
● ჰერჩინსკი: კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერს მოუწევს რეაგირება
სალომე ზურაბიშვილის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას.
„ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა უკვე მას ხალხის ნდობა აღარ აქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ძალიან დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ.
„მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე, რომ მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და უკვე ვნახეთ, თუ რამდენად (კიდევ ერთხელ) შეგნებული, მშვიდობიანი იყო, ყველა ეს გამოსვლები. ეს არის საქართველოს საზოგადოება, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ღირსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.