ვახუშტი მენაბდის კომენტარი ლგბტქ კანონზე: მმართველი გუნდი პუტინის და სხვა ავტორიტარი ლიდერების ხედვას გვთავაზობს
ვახუშტი მენაბდის კომენტარი ლგბტ კანონზე
თავად “ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა მოქმედ კონსტიტუციურ სტანდარტს ეწინააღმდეგება – მმართველი გუნდი საზოგადოებას პუტინის და სხვა ავტორიტარული ლიდერების იდენტურ ხედვას სთავაზობს, ასე აფასებს “ინტერპრესნიუსთან” კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონპროექტს.
“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” რუსული კანონის ჩაგდებიდან ზუსტად ერთ წელიწადში, საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ახალ რუსულ კანონს აინიციირებს. ამის შესახებ 25 მარტს სპეციალურ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.” როგორც ბრიფინგიდან ირკვევა, ახალი კანონი მიმართული იქნება ე.წ. ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ.
ვახუშტი მენაბდე: “ქართული ოცნების” ინიციატივასთან დაკავშირებით სამი კითხვა ისმება – შეესაბამება თუ არა ის ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ მოქმედ სტანდარტებს? რა მიზანი აქვს “ქართული ოცნების” ამ ინიციატივას და რა მიზეზი უდევს მას საფუძვლად?
პირველ კითხვაზე პასუხი მარტივია – ინიციატივა რომ ადამიანის უფლებების მოქმედ კონსტიტუციურ სტანდარტს ეწინააღმდეგება, ეს თავად “ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, როცა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტზე დაიწყო საუბარი. “ოცნებაც“ ხვდება, რომ იმდენად აშკარაა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, ამ იდეის გასატანად კონსტიტუციის შეცვლაა საჭირო.
რაც შეეხება მეორე კითხვას, “ქართულმა ოცნებამ“ მომზადებული ინიციატივით რამდენიმე კურდღლის დაჭრა განიზრახა. ერთია ის, რომ წინასაარჩევნოდ მემარჯვენე-კონსერვატორული პროფილი კიდევ უფრო გამოკვეთა. ამ გზით სურს, ელექტორალური რესურსი, რაც ამ მიმართულებით არსებობს, ბოლომდე ამოწუროს. მეორეს მხრივ, აღრმავებს პოლარიზაციას – ფსევდოტრადიციული ღირებულებებით მანიპულირებს და ცდილობს, ის წინასაარჩევნო დებატების თემად აქციოს, საზოგადოება დააპირისპიროს და ამაზე კაპიტალიზირდეს. “ქართული ოცნება“ სხვა პარტიებს აიძულებს ამ თემაზე პოზიცია დააფიქსირონ და თავად ყველაზე რადიკალური დამცველი გამოჩნდეს.
● პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: ლგბტ პროპაგანდის შესახებ საუბარი არის ისეთივე ბოდვა, როგორიც იყოს ის, რომ ვიღაც ომში გვრთავდა
● “ქართული ოცნება” საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. იგივე კანონი ცოტა ხნის წინ რუსეთში მიიღეს
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
ამავდროულად, დისკუსიის კონსტიტუციის დონეზე ატანა იმასაც ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ ნიადაგს სინჯავს – ის ამ ნაბიჯით საქართველოს საზოგადოებრივი მოწყობის ავტორიტარი პუტინის და სხვა არადემოკრატი ლიდერების იდენტურ ხედვას სთავაზობს. შარშან ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამის დანერგვა მარტივი არ არის. ამიტომ მმართველ გუნდს სურს, ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად ამომრჩევლის ლეგიტიმაცია მიიღოს.
ის ამბობს, რომ ინიციატივა ჩემია, მაგრამ მისთვის ხორცის შესასხმელად არჩევნებზე ხალხის მხარდაჭერა მჭირდება. თუ ის ამ მხარდაჭერას მიიღებს, რიტორიკულ არსენალში დაემატება არგუმენტი, რომ აი, ხალხმა მომცა თანხმობა, ეს ხალხის ნებაა! თუმცა მე ასევე მგონია, რომ რეალური მიზანი სხვაა – საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში სხვა ცვლილებებისთვის სჭირდება, რომელსაც 113 მანდატის ქონის პირობებში უზენაეს კანონში ამ ინიციატივასთან ერთად გაატარებს – არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარიზმის რაიმე ფორმით დაბრუნება იყოს!
“ქართული ოცნება“ ხედავს რამდენი პრობლემაა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. იმასაც ხვდება, რომ მას ამ პრობლემების გადასაჭრელად საკუთარი ამომრჩევლისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია.
მმართველმა გუნდმა არ იცის როგორ გაუმკლავდეს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკურ და სხვა გამოწვევებს რომლის წინაშეც დგას, ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლია არის ის, რომ გამოიგონოს პრობლემა რაზეც ილაპარაკებს.
მმართველი გუნდი ახლა უნდა საუბრობდეს სოციალური პოლიტიკის ცვლილებებზე, შრომის პოლიტიკაზე, ეკონომიკურ უთანასწორობაზე, სიღარიბის აღმოფხვრაზე, დავალიანებაზე, მიგრაციაზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
თუ მას ქართული ოჯახი მართლა ადარდებს, მის ფინანსურ გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს, უნდა გვითხრას როგორ უნდა დააბრუნოს საქართველოში ათასობით მშობელი მათ შვილებთან, როგორ არ იშიმშილონ ბავშვებმა სახლში და სკოლაში. ამის ნაცვლად დისკუსიას გამოგონილ თემებზე გვთავაზობს, რომელიც არავის აინტერესებს და რომელსაც არაფრის მოტანა არ შეუძლია გარდა საზოგადოების გახლეჩისა.”