პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: "ქართული ოცნება“ ევროპაში ერთადერთი ევროფარისევლური პარტიაა, ამბობს ერთს, აკეთებს - მეორეს
პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი
პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი და შეხვედრები შეაფასა. მისი თქმით, ევროპაში ერთადერთი ევროფარისევლური პარტია არის „ქართული ოცნება“, რომელიც ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. როგორც მან გადაცმაში “თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ევროპელებმა იციან, რომ მარტო ლაპარაკით საქართველო წარმატებას ვერ მიაღწევს, საჭირო იქნება შრომა.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მიმდინარე წელი იქნება “ძალიან სერიოზული” ტესტი ქართული დემოკრატიისთვის.
“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ისტორიულ მიღწევას, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია. მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.
პაატა ზაქარეიშვილი: “[ირაკლი კობახიძე] გარეგნულად კარგად გამოიყურებოდა, სწორად ლაპარაკობდა და რომ არა ძველი კობახიძე, ვისზეც ყველაფერი იციან ევროპაში, კარგად იციან შარლ მიშელის გადაგდებაზე, პროპორციული სისტემის დროს მის როლზე, გავრილოვის ღამეზე, ამიტომ ბუნებრივია კობახიძეს „კარგი“ სახე ეჭირა და ევროპელებიც ამის საშუალებას აძლევდნენ. ყველაფერი შეფასდება არა ლაპარაკით, არამედ იმით თუ როგორ შეასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს.
ვხედავთ თუ რა ხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორ თავხედურად მიმდინარეობს თავის გატანა, რომ “ქართული ოცნება“ მთლიანად მართავდეს ცესკო-ს. რა ევროპაზეა ლაპარაკი, ესენი არიან ევროფარისევლები.
ევროპაში არის ტერმინი ევროსკეპტიკოსები, რომლებიც არ მალავენ თავის სკეპტიციზმს, ფარისევლები არ არიან, არავინ იტყუება, თუ არ მოსწონთ ევროპა ამბობენ, რომ არ მოსწონთ ევროპა. ევროპაში ერთადერთი ევროფარისევლური პარტია არის “ქართული ოცნება“, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს.
“ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს დათქმები, როგორებიც არის სასამართლოს რეფორმა, დეცენტრალიზაცია, ეს ყველაფერი არ მოხდება. მოვა არჩევნები და სასამართლო ისევ ასეთი იქნება და კიდევ უფრო უარესი იმიტომ, რომ მათ მოუწევთ არჩევნების შემდეგ სასამართლოში რაღაც საკითხების განხილვა. ამიტომ, ევროპელებმაც იციან, რომ მარტო ლაპარაკით საქართველო წარმატებას ვერ მიაღწევს, საჭირო იქნება შრომა.
● “2024 წელს კონკრეტული შედეგებია საჭირო” – ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის განცხადება
● პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს
● საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო
“ქართული ოცნებას“ არცერთი გრამით არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ხალხის და უკრაინის გმირობით მოგვცა ევროპამ სტატუსის, რათა უფრო მეტად ვიყოთ რუსეთისგან დაცულები.
არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების გახსნაც მოხდეს დათქმებით, ოღონდ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად.
შეიძლება 9 პირობიდან რაღაცები ვერ შესრულდეს, მაგრამ არჩევნები იქნება ყველაფრის გადამწონი. თუ არჩევნები კატასტროფულად გაყალბებული იქნება, ევროპელებს ძალიან გაუჭირდებათ გაგვიხსნან მოლაპარაკებები.
ძალიან ფარისევლური განცხადებები ჰქონდა, პრაქტიკულად არაფერში ვეთანხმები, მხოლოდ იმაში ვეთანხმები, რომ მათ მიერ არ გაწეული შრომის შედეგად მიღებული წარმატება იგივე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მათ მიითვისეს, მიიწერეს, ამას გააკეთებდა ნებისმიერი უკუღმართი მმართველი.
ყველაზე მიუღებელი და უხერხული არის ის, რომ პოლარიზაცია არ არისო. ვინ არ მიუშვა პრეზიდენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღების ღონისძიებაზე? მარგველაშვილს რატომ არ დაუძახეს? სააკაშვილი რატომ არ ახსენეს? თუ პოლარიზაციაზე არ არის ლაპარაკი, ამ ხალხს ხომ რაღაც წვლილი მიუძღვნით ამ ყველაფერში?! ეს ხომ საერთო სახელმწიფო ზეიმი იყო და არა „ქართული ოცნების“. ამიტომ, ყველა მათ ნაბიჯში ჩანს პოლარიზაცია , განსაკუთრებით, პრეზიდენტის მიმართ.“