პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს
პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს
საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. ადმინისტრაცია წერს, რომ მიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციებთან.
● დსთ-ს ავტორიტარი ლიდერები: როგორ ინარჩუნებენ ისინი ძალაუფლებას ათწლეულების განმავლობაში
● საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო
● როგორ ცხოვრობს ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. რეპორტაჟი წალენჯიხიდან
რას გულისხმობს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.
კანონპროექტის თანახმად:
● 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის.
● იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება.
● თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.
● ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.
● მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობაც უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიული წევრებისგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება
“ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.
შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.
როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს”, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!”. – წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.