ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. მთავარობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყრილობაზე გამოცხადდა, რომელიც დღეს სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” გაიმართა. კობახიძის კანდიდატურა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა.
კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა. ღარიბაშვილმა კი, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძე ჩაანაცვლა. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.
პარტიულ ყრილობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
ყრილობის ბოლოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ თქვა, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის სამი წელი იყო “განსაკუთრებით წარმატებული” ამიტომ, ის არ აპირებს მთავრობის შეცვლას.
მისი თქმით, შეიცვლება მხოლოდ ერთადერთი მინისტრი – თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და ისიც საკუთარი სურვილით. კობახიძის თქმით, ბურჭულაძეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს.
რა ითქვა საინტერესო ყრილობაზე:
___ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. მან ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, “რატომ მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა”. [შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ პრემიერის შეცვლა არ იგეგმება].
„რა უნდა დავუწუნო ირაკლი ღარიბაშვილს, ნახეთ როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია,” – განაცხადა ივანიშვილმა.
● “ივანიშვილმა თამაშიდან გაიყვანა ღარიბაშვილი, მაგრამ პოლიტიკურ სიტუაციას არ მოწყვიტა” – რას ფიქრობენ ექსპერტები პრემიერის გადადგომაზე
● “2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა” – პრემიერმა წელი შეაჯამა
● “ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა”. “ოცნება” ივანიშვილის დაბრუნებაზე
__ ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სიტყვაში კვლავ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ საქართველოში არის მშვიდობა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.
მან თქვა, რომ ყველა ამ მიღწევისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს.
„რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული”.
მან ასევე თქვა, რომ “2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” აგვისტოს ომი არ მოხდებოდა”.
“ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად,” – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
__ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ რიგით მერვე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე დიდი დრო დაუთმო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობების გადახდას.
„პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს”.
“ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას|, – განაგრძო კობახიძემ.
“ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისათვის!” – აღნიშნა კობახიძემ.
მადლობა გადაუხადა კობახიძემ ასევე ირაკლი ღარიბაშვილსაც, “სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე” და პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს.
კობახიძის თქმით, მომავალ საპარლამენტო არცევნებს “ქართული ოცნება” მოსახლების ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ხვდება”:
“ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ.”
კობახიძემ “ქართული ოცნების” ორ მთავარ მისიაზეც ისაუბრა:
“პირველი, ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო: ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად… მეორე, ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში”.