"მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები წმ.მატრონას ხატში " - საპატრიარქოს განცხადება
საპატრიარქო წმ.მატრონას ხატზე
საქართველოს საპატრიარქო სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე გამოსახულ იოსებ სტალინთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხშირად ხატებზე წმინდანების ცხოვრების ეპიზოდებია აღბეჭდილი, თუმცა რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, “აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა”.
საპატრიარქო მიმართავს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს – რომლებიც ამბობენ, რომ სამების ტაძარს ხატი შესწირეს – “თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში”, ან ამას საპატრიარქო გააკეთებს.
საპატრიარქოს განცხადება
“წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა.
ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს: საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც. მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ.” – წერია განცხადებაში.
● “ქართული ოცნება” რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრებას გეგმავს
● სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან ძალადობრივი ჯგუფის წევრები მივიდნენ და ემუქრებიან
წინაისტორია
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა.
შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მანამდე 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი იყო დასვენებული, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული.
10 იანვარს სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს წევრები შეიკრიბნენ და მას ემუქრებოდნენ. სიტუაცია ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა. ძალადობრივი ჯგუფების აგრესია სწორედ მატრონას ხატის ე.წ. შეურაცხყოფამ გამოიწვია.
გუშინვე მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, რომლის მიხედვით რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამებაში მომხდარი ფაქტი კანონსაწინააღმდეგოა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა, ამჟამინდელი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისთვის პროპორციულ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.