ყოფილი პოლიციელების და ჯარისკაცების პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება - კიდევ რა თქვა ღარიბაშვილმა
ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლიდან ყოფილი პოლიციელების და ჯარისკაცების პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება. მისივე თქმით, 2024 წელს საქართველო დამატებით 300 მლნ ლარს საბანკო-საფინანსო სექტორიდან მიიღებს.
ყოფილი პოლიციელების და ჯარისკაცების პენსიის შესახებ
“მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, პრესსამსახურები ანუ ძალოვანი სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ ჩაკეტილი იყო დღემდე, 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და გაიზრდება 1000 ლარამდე. ასევე საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება თითოეულ ნამსახურებ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა და გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ. ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, კიდევ ეტაპობრივად, ყოველ წელს გავზარდოთ, იმის მიხედვით, რა შემოსავლებიც გვექნება.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
● პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა. რა იცვლება?
● თბილისში “ჯარის ქალაქის” მშენებლობა დასრულდა
● ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულებზე: საწყალი ბიჭები. ომის პარტიის ორგანიზებულია ეს, თანამოქალაქეები მათ მიჰყავთ უკრაინაში
სათამაშო ბიზნესის შესახებ
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სათამაშო ბიზნესი 2024 წლიდან მოგების 15%-ით დაიბეგრება, დღეს მოქმედი 10%-იანი განაკვეთის ნაცვლად. ასევე, იცვლება თანხის გატანის საკომისიო, 2%-დან 5%-მდე. ცვლილებები მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგინა. ცვლილებების ხარჯზე, პრემიერის თქმით, ბიუჯეტში 400 მილიონი ლარი შევა.
“აქვე მინდა, ერთი მხრივ, გაკვირვება გამოვხატო და მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის, ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში.
იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და ასევე 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, ავტომატურად 1,5 მილიონ მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადასახადები გავუზარდოთ ამ ბიზნესს. როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ამოღებული.” – თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობას სათამაშო ბიზნესს მკაცრად არეგულირებს. საქართველოს კანონმდებლობით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება.
შეზღუდვების მიუხედავად, უკანასკნელ წლებში საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია მაღალი ტემპით იზრდება.
პრემიერის თქმით, ეს მაჩვენებელი 2022 წელს 48-დან 52 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის საერთო ბრუნვის მოცულობა 2017 წელს 6 მილიარდი ლარი იყო, 2020 წელს კი – 32.1 მილიარდი ლარი.
● რეკლამების აკრძალვის მიუხედავად, აზარტული თამაშების ბრუნვა გაიზარდა, მედიის შემოსავლები კი შემცირდა
● საქართველოში ერთ მილიონამდე მოქალაქეს აზარტული თამაშები აეკრძალება
300 მილიონი ლარი საბანკო-საფინანსო სექტორიდან
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომავალ წელს საბანკო-საფინანსო სექტორიდან ბიუჯეტში დამატებით 300 მილიონი ლარი შევა.
“ბიუჯეტის განხილვის პროცესში დამატებითი საჭიროებები გამოიკვეთა. ეს პერიოდი ვმუშაობდით და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი. გავაანალიზეთ საბანკო სექტორში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, გამოიკვეთა, რომ 2024 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო-საფინანსო სექტორიდან. […] მომდევნო წელს ვითვალისწინებთ მათ [ბანკების] მოგებას. ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ კიდევ დამატებით რა რესურსი შეიძლება გამოინახოს.” – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2016 წელს პარლამენტმა მიიღო “ესტონური მოდელის“ შემოღების რეფორმა, ხოლო 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო მისი განხორციელება. ესტონური მოდელის დანერგვის მიზანი ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარება იყო.
ამ მოდელით კომპანია იბეგრება მხოლოდ მაშინ, თუ ეს მოგება კომპანიიდან გადის. თუ ეს მოგება კომპანიაშივე რჩება, მაშინ კომპანია ამ თანხაზე მოგების გადასახადს არ იხდის. ამით მთავრობა კომპანიას ახალისებს, რომ თანხა, რომლის აკუმულირებაც მან მოახერხა, დარჩეს კომპანიაში, რათა ბიზნესი გაფართოვდეს.
● დონორებმა საქართველოს პროექტების დაბალი ათვისებისთვის 6 მილიონის გადასახადი დააკისრეს
2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს დღეს გაუგზავნის. ქვეყნის მომდევნო წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები მომდევნო წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება.
“მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთია დაახლოებით 400 000 პენსიონერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.” – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ვრცლად 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.