საქართველოში ერთ მილიონამდე მოქალაქეს აზარტული თამაშები აეკრძალება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ერთ მილიონამდე მოქალაქეს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება.
ესენი არიან:
● სოციალური შემწეობის მიმღები პირები;
● საჯარო მოხელეები;
● პირები რომლებიც თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს;
● პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში.
ღარიბაშვილის განმარტებით, აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.
ასევე, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად, ეს დაშვება შეეხება სპორტს.
საკითხის დეტალებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით. მისი თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.
მისივე განმარტებით, ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე მიწის სათამაშო ობიექტებზე.
აღსანიშნავია, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები, ვალდებული იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე. ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშით შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანის და თანხის გატანის წესი, ასევე მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება სპეციალური კანონით.
● “საქსტატის” მონაცემებით, ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21.6 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. 2016 წელს საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მთელ მსოფლიოში, მხოლოდ 2015 წელს, აზარტული თამაშების მოგებამ 400 მილიარდ დოლარს მიაღწია.
businessmap.ge-ს თანახმად, აზარტული თამაშები ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში და ამ სექტორის შემოსავალმა კომერციული ბანკების შემოსავალსაც კი აჯობა. მაგალითად 2016 წელს, ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო აზარტული თამაშების სექტორის – 4 მილიარდ ლარზე მეტს.
საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს. საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რაც აზარტული თამაშების სოციალურ დანახარჯებს შეისწავლიდა.
რეგულაციების მიუხედავად, საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა სამორინეების, სლოტ-კლუბებისა და ტოტალიზატორების რიცხვი. ამაზე მიუთითებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევაც აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ საქართველოში.
კვლევის მიხედვით, აზარტული თამაშების ბიზნესის მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო 2011 წლიდან, როდესაც ამ სექტორის ბრუნვამ 3.2- ჯერ გადააჭარბა წინა წლის ბრუნვას, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებელს.