"საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას" - ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს.
“ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ხოლო წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და 46,62 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები.
მთავრობის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში.
● პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: ხელისუფლებაში ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ
● მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი ქვეყანას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას მიბაძოს
● ადამ ჰოლოვეი: „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, რომელიც საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს
მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ “ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი” ლიდერი ჰყავს. მისივე თქმით, სიმართლესთან დაპირისპირებული ძალები მიზნების მიღწევას ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ.
ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს და ეს ფასეულობები მხოლოდ წარსული მემკვიდრეობა არ არის. ღარიბაშვილის თქმით, იგი ცოცხალი დღევანდელობაა – გარემო, რომელშიც “ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს ჩვენი შვილები აღვზარდოთ.”
უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო “ევროპელი სოციალისტების” პარტიამ, რომლის წევრიც “ქართული ოცნება” იყო და მოგვიანებით საქართველოს მმართველი პარტია თავის რიგებიდან გარიცხა.