ჯაკოს საქმე: ოს კრიმინალური სინდიკატის ბოსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება
ჯაყოს საქმე
ოსური წარმოშობის ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, ასლან გაგიევს, მეტსახელად ჯაკოს, შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. 2021 წელს დაწყებული გახმაურებული სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება და განაჩენის გამოტანამდე 7 სექტემბერს ბოლოწინა პროცესი გაიმართა.
პროკურატურა იმედოვნებს, რომ სასამართლო გაგიევს დამნაშავედ ცნობს კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში, სამი ბანდის შექმნაში, ორზე მეტი ადამიანის მკვლელობასა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში. გაგიევი სულ 60-მდე მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
გიყვებით ჯაკოს „ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე“, რომელსაც ზოგი ბანდიტად თვლის, ზოგი კი „კეთილშობილ ყაჩაღად“.
“მიღწევების” სია
51 წლის ასლან გაგიევი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ოსურ სოფელ ბოლქვში დაიბადა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, 2004 წელს გაგიევმა შექმნა ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება (ОПС) ფართო გეოგრაფიით – მოსკოვიდან ჩრდილოეთ ოსეთამდე და მასში მინიმუმ 50 ადამიანი გააერთიანა.
ასევე, 2012 წლის ნოემბრისთვის მან ჩრდილოეთ ოსეთში სამი ბანდა შექმნა, რომლებიც ახალგაზრდებს „აწვდიდნენ“ იარაღსა და საბრძოლო მასალას. გაგიევმა ყველა ეს ბანდა თავად დააფინანსა, რათა ჩრდილოეთ ოსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერი გამხდარიყო.
ჯაკოს ბანდის მსხვერპლები იყვნენ სამართალდამცავები, თანამდებობის პირები, ბიზნესმენები… გაგიევისა და მისი ბანდის წინააღმდეგ ყველაზე ცნობილ დანაშაულებს შორისაა ეროვნული კაპიტალის ბანკის მფლობელის, დმიტრი პლიტნიკის მკვლელობა, Sodbiznesbank-ისა და Kredittrust Bank-ის აქციონერის, ალექსანდრე სლესარევის და “კუტუზოვსკის” ბანკის გამგეობის თავმჯდომარის, ოლეგ ნოვოსელსკის მკვლელობები.
გაგიევის 36 ყოფილ თანამზრახველს უკვე მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, შვიდი მათგანი კი ამ დრომდე საერთაშორისო ძებნილების სიაშია. ბანდის კიდევ შვიდი წევრი დაიღუპა 2010 წლიდან 2014 წლამდე ერთმანეთთან დაპირისპირების შედეგად.
ასლან გაგიევი დიდხანს იმალებოდა ავსტრიაში, 2018 წელს კი მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდა.
ბოლო სიტყვა
თავად გაგიევი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ შეკვეთილ მკვლელობებში არ მონაწილეობდა. მისი თქმით, გამოძიება ამ დანაშაულის დამაჯერებელ მოტივებს ვერ ასახელებს.
განაჩენის გამოცხადებამდე თავის ბოლო გამოსვლაში ჯაკომ სასამართლო პროცესი ბოტიჩელის „ცილისწამებას“ შეადარა და მისი პროცედურული უფლებების დარღვევას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მას გარანტირებული უნდა ჰქონოდა დაცვის და სამართლიანი სასამართლოს უფლება, მაგრამ ექსტრადიციის შემდეგ „ორი კვირის განმავლობაში სამართალდაცველები მას გატეხვის იმედით “ამუშავებდნენ” და აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს“.
„ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების ჩამორთმევა არ არის კონვენციის დარღვევა? ეს ქეისი არის შეთითხნილი და ნაკერი თეთრი ძაფით. ეს საქმე უნდა დაუბრუნდეს პროკურატურას დამატებითი გამოძიებისთვის“, – ამბობს გაგიევი.
მან ასევე გაიხსენა, რომ ექსტრადიციის დროს რუსეთი ავსტრიას დაჰპირდა, რომ მისი საქმე სამოქალაქო სასამართლოში განიხილებოდა, თუმცა საქმე სამხედრო სასამართლომ წაიღო. მისი თქმით, სასამართლო პროცესი ჩრდილოეთ ოსეთში რომ ყოფილიყო, ის ახლა თავისუფალი იქნებოდა:
“სასამართლო ოსეთში რომ გაიმართოს, მე მაშინვე გამოვალ. რადგან ყველამ იცის, რომ ხელისუფლებაში მყოფებმა მხოლოდ ბიუჯეტი ჭამა იციან, მე კი გაჭირვებულ ხალხს ვეხმარებოდი.”
“ოსი რობინ ჰუდი”
ჯაკოს ბოლო განცხადება არ არის სიმართლეს მოკლებული – ჩრდილოეთ ოსეთში (ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში) მის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ორაზროვანია.
ზოგი გაგიევს სისხლისმსმელ დამნაშავედ და მკვლელად მიიჩნევს, ზოგი კი მას „ოს რობინ ჰუდად“ და „კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან მებრძოლ სამართლიან ინსტრუმენტად“ მიიჩნევს.
ხალხი ყვება, თუ როგორ მიმართავდნენ წლების განმავლობაში გაჭირვებული ოჯახები ჯაკოს ფინანსური დახმარებისთვის და ის არასდროს ეუბნებოდა მათ უარს.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გაურბის მასზე მიუკერძოებელი ტონით საუბარს – ამბობენ, რომ გაგიევის არაფორმალური გავლენა ორივე ოსეთში კვლავ რჩება.
გაგიევს მიაწერენ კავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსელ პოლიტიკოსებთან. ის თავად აცხადებს, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამხრეთ ოსეთში მხარს უჭერდა ანატოლი ბიბილოვს, რომელმაც მოიგო კიდეც არჩევნები.
ძნელი სათქმელია, რა მოხდა იქ რეალურად, მაგრამ ფაქტია, რომ გაგიევი იზიარებს ბიბილოვის პოლიტიკურ შეხედულებებს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ და ხალხსაც ამ კურსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ჯერჯერობით უცნობია, დგას თუ არა ჯაკო სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის უკან. მაგრამ, თუ ასეთი კომპრომატები იქნება, ეს ალბათ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი.
ის, რომ ჯაკოსა და ალან გაგლოევს შორის ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული კავშირები, ამას ისიც ადასტურებს, რომ ე.წ. პრეზიდენტის ძმა, ალექსანდრ (ალიკ) გაგლოევი, თავად არის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი და ის რამდენჯერმე იხდიდა სასჯელს.
- ცხინვალში გახმაურებული მკვლელობის გამოძიება დასრულდა
- ცხინვალი: რომელი პრეზიდენტია ჩართული გახმაურებულ მკვლელობაში?
პირადი ცხოვრება
არსებობს ვერსია, რომ ჯაკო ყველა პროცესზე გარკვეულ სცენებს დგამდა.
მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში მან განაცხადა, რომ აპირებდა დაქორწინებას და მან და მისმა რჩეულმა შეიტანეს განაცხადი ქორწინების წინასწარი დაკავების იზოლატორში დარეგისტრირების შესახებ. თუმცა ეს ამბავი აღარ გაგრძელებულა.
ოფიციალურად გაგიევი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, მაგრამ სასამართლო პროცესზე მან თქვა, რომ ჰყავდა 15 ქალი, რომელთაგან 22 შვილი შეეძინა.
მედია წერდა, რომ ჯაკოს სიცოცხლის მთავარი სიყვარული მისი მოადგილე – როგორც კრიმინალური ჯგუფის ლიდერი – იყო გუზალ მასტუფაკულოვა. ზოგიერთი ინფორმაციით, 2005 წლიდან ის და მისი ორი შვილი ცხოვრობდნენ ავსტრიაში, სადაც თავად გაგიევი დააპატიმრეს.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო