აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები და დეპუტატები სანაპიროს ნაგვისგან გაწმენდის აქციაზე გამოვიდნენ
„კასპიის ზღვის დღის“ საპატივცემულოდ, ბაქოს მახლობლად, დაბა ბოზოვნაში სანაპიროს ნაგვისგან გაწმენდის „ოფიციალური“ აქცია ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს – ჩინოვნიკებმა, დეპუტატებმა, მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ წევრებმა, ხელოვნების მოღვაწეებმა, მოხალისეებმა.
• როგორ არის მოწყობილი ტურისტული ბიზნესი აფხაზეთში
დაბინძურებული სანაპიროები და მათი დასუფთავების ამაო მცდელობები
ბაქოს გარშემო მდებარე საზოგადოებრივი სანაპიროები ძალიან დაბინძურებულია. კანონით, ნაგვის ურნაში არჩაყრისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, მაგრამ პრაქტიკაში ჯერ არავინ დასჯილა.
ყოველ ზაფხულს ქალაქელები ამაზე ჩივილს იწყებენ, გარემოს დამცველები კი განგაშის ზარებს სცემენ.
აქტიური ახალგაზრდობა სხვადასხვა სანაპიროზე თავად ახდენს დასუფთავების ორგანიზებას, ყოველ ჯერზე ტონობით ნაგავს აგროვებს და მალევე ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მანამდე იყო.
რით არის განსაკუთრებული ახლანდელი აქცია
ახლანდელი აქცია ყველა დანარჩენისგან იმით არის განსხვავებული, რომ:
– ის ოფიციალურ დონეზე იყო ორგანიზებული;
– ოფიციალური ღონისძიების ხასიათს ატარებდა – ჩინოვნიკების მიერ წარმოთქმული სიტყვებითა და მსახიობების გამოსვლებით.
აქცია ჩატარდა დევიზით „ჩვენ ერთნი ვართ, ერთად ვართ კასპიის დასაცავად“.
დასუფთავდა სანაპიროს 10 ჰექტარი.
ორგანიზატორებს სურთ, რომ ამ გზით „ კასპიის ზღვისა და მიმდებარე ზონის ეკოლოგიის მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში საზოგადოების როლი გაზარდონ“, – წერს Report ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ფირდოუსი ალიევის სიტყვებზე დაყრდნობით.
სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართა სანაპიროზე მდებარე სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს, რომ დაამონტაჟონ გამწმენდი დანადგარები და კანალიზაციის წყალი ზღვაში არ ჩაღვარონ.