საქართველოს საგარეო უწყება "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ხელისუფლებას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო “ღრმა შეშფოთებას” გამოხატავს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და, სამინისტროს შეფასებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.
“აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას”. – წერია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს იტოვებს, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.
“კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.
ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.
აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა – დღეს ქ.კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს.” – წერია განცხადებაში.
დასასრულს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, მომავალშიც გააგრძელებენ უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას და იმის გამო, რომ ქვეყანა ომშია, საპასუხო რეაქციისაგან “ამ ეტაპზე” თავს იკავებენ.
● “მართლა გინდათ პუტინის ვასალები იყოთ?” – გამოხმაურება სააკაშვილის პროცესზე
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● მიხეილ სააკაშვილის სტატია Politico-ზე: მე პოლიტპატიმარი ვარ და ვკვდები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანა მოითხოვა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს მის მიმართ მკაცრი პროტესტი და მან 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა გამართოს კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ ყველაფერმა “დუღილის წერტილს მიაღწია“, რის გამოც კიევმა მკვეთრი, მაგრამ “სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.
3 ივლისს სააკაშვილმა ვიდეო ბმულით მიიღო მონაწილეობა სასამართლო სხდომაში, სადაც 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეს განიხილავენ. სასამართლო დარბაზიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, თუ რამდენად დაიკლო წონაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაშია.