"ნაცისტები", "აქტივისტები" - პოზნერის ვიზიტის შემდეგ აბაშიძემ რუსეთში დარეკა. აუდიოჩანაწერი
პოზნერის ვიზიტის შემდეგ აბაშიძემ რუსეთში დარეკა
ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვით, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ტელეფონზე ურეკავს და მომხდარის გამო ბოდიშს უხდის, აქტივისტებს კი “ნაცისტებს” უძახის.
ჩანაწერების თანახმად, ზილბერკვიტი ერთ-ერთია, ვინც თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული.
“ნაცისტების ჯგუფი იყვნენ ესენი, ასეთი რეაქცია ადამიანის აზრის გამოხატვის გამო, კვერცხების სროლა და მსგავსი… ბარბაროსულია, ეს რამდენიმე ათეული ადამიანია, ყველა სააკაშვილის მიერ დაფინანსებული”, – ამბობს აბაშიძე.
აუდიოჩანაწერების მიხედვით, ზილბერკვიტი აბაშიძეს სთავაზობს, რომ მოგვიანებით დაურეკოს და თავად პოზნერს გაესაუბროს ამ საკითხზე. ვიდეომასალიდან ვიგებთ, რომ სატელეფონო საუბარი შედგა აბაშიძესა და პოზნერს შორისაც – რუსი პროპაგანდისტი ზურაბ აბაშიძეს ეუბნება, რომ მომხდარზე “არ ღელავს” და მეტიც, თავისი დაბადების დღის აღნიშვნას მოსკოვში, ქართულ რესტორანში აგრძელებს.
“არ იღელვოთ, არაფერია. ჩვენ ახლა მოსკოვში, ქართულ რესტორანში ვსხედვართ, სვამთ ქართულ ღვინოს, ჩვენ გვიყვარს საქართველო და ამ ხალხს ამასთან კავშირი არ აქვთ”, – ამბობს ის ჩანაწერების თანახმად.
ჩანაწერების მიხედვით, აბაშიძე პოზნერს უხსნის, რომ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ურჩევს მას გაეცნოს, რადგან “იქ ყველაფერი ნათქვამია.”
საუბარი კი ასე სრულდება:
მარკ ზილბერკვიტი: “რა თქმა უნდა, გასაგებია რომ ისინი პოზნერს დაესხნენ თავს, მაგრამ მეც იმათთან ვიყავი და მე რა შუაში ვარ, მე სულ სხვა გვარი მაქვს. მე გამომცემელი ვარ და ჩვენი გამოცემა აქტიურად არის დაკავშირებული იმაზე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არ გაწყდეს კავშირები, ხომ ნახეთ გამოვეცით ნიკოლაი ცისკარიძეზე ალბომი, ასევე რობერტ სტურუაზე, მაგრამ ამას ვერაფერს ხედავენ ისინი და გაიძახიან რომ რუსეთი ოკუპანტია.”
ზურაბ აბაშიძე: “ეს არის 30 მაქსიმუმ 50 კაციანი ჯგუფები, ნაციონალების ხმაურიანი დაქირავებული აგენტურა, რომლებიც ძალიან ხმაურობენ. ჩვენ გვინდა, რომ ახლა ეს ყველაფერი გამოვიძიოთ და ყველაფერი უნდა დავალაგოთ, და ვეცდებით, რომ ცნობილ ადამიანებს გავაკეთებინოთ კომენტარების.”
● ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს მწვავე პროტესტი მოჰყვა
● რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებას საქართველოში ხმაური მოჰყვა
● პოზნერი აფხაზეთში მიიწვიეს
რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა, რომელიც თბილისში 2021 წლის 31 მარტს, პანდემიის დროს, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თბილისი ხმაურიანი პროტესტის ფონზე დატოვა.
პოზნერი თბილისში მოსკოვიდან მის 50-მდე მეგობართან ერთად ჩამოვიდა. ისინი აირზენას ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ და 1 აპრილს ჟურნალისტის 87 წლის იუბილე უნდა აღენიშნათ, თუმცა თბილისში მათ დიდი საპროტესტო აქცია დახვდათ.
მოქალაქეების და აქტივისტების უკმაყოფილების მიზეზი პოზნერის პოზიციაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით – რუსი ჟურნალისტი ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ ვერ ხედავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში.
ასევე, უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ყველანაირი კოვიდ-წესების დარღვევით შემოვიდა.
მოქალაქეთა პროტესტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერი.
პოზნერს და მის თანმხლებ პირებს სასტუმროს დატოვება პოლიციის დაცვით მოუწია. დაგეგმილი 3 აპრილის ნაცვლად, ისინი თბილისიდან იმავე ღამეს, ასევე აირზენას ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. დემონსტრანტებმა კვერცხები ესროლეს ავტობუსს, რომელმაც სტუმრების ნაწილი აეროპორტში მიიყვანა.