"ბათუმელების" ინფორმაციით, შშმ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ
შშმ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ
გამოცემა “ბათუმელების” ინფორმაციით, შშმ ბავშვებზე, რომელთა ასაკი 7-დან 18 წლამდეა, სექსუალურად ძალადობდნენ, ვიდეოებს უღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ. აჭარის პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია “შშმ ქალთა ალიანსმა” მიმართა და სმენის არმქონე არასრულწლოვან გოგონებზე გარყვნილ ქმედებასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.
“ქალთა ალიანსის” ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი ჰყვება, რომ მას დაუკავშირდა შშმ ქალთა უფლებების ერთ-ერთი დამცველი, აქტივისტი თათია დათაშვილი და მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა გოგონებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შიდა ჩათებში.
„ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
უფლებადამცველების თქმით, გოგონებზე სექსუალურად მოძალადე კაცებიც სმენის არმქონე პირები არიან. “ბათუმელები” ესაუბრა 17 წლის მოზარდსაც, რომელმაც გოგონებზე ძალადობის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა. მოზარდი ჰყვება, რომ მსგავსი შემთხვევები ხდებოდა ბათუმშიც, თბილისშიც და ქუთაისშიც.
“აქ საუბარია 7-8, 10, 11, 12, 13 და 18 წლამდე გოგონებზე. როგორც მითხრეს, ეს ხდებოდა როგორც ბათუმში, ასევე თბილისა და ქუთაისში. ეს ადამიანები არ არიან ამ ბავშვებისთვის უცხო პირები, “წამო წაგიყვან საშაურმეში”, “გაგასეირნებ”, ეუბნებიან. აძლევენ კანფეტებს, სადღაც პატიჟებენ და ისინიც ენდობიან.
ისეთი ვიდეოებიც არსებობს, სადაც მსგავსი დიალოგები მიდის გოგონებსა და მოძალადე კაცებს შორის და არის ისეთი ვიდეოებიც, სადაც პირდაპირ სთავაზობენ გოგოებს სექსს ან სთხოვენ შიშველი კადრების გაგზავნას და შემდეგ ამ კადრებს ავრცელებდნენ პედოფილების ჯგუფებში.” – ჰყვება 17 წლის მოზარდი.
მისივე თქმით, ვიდეოგადაღების შესახებ ძალადობის მსხვერპლმა გოგონებმაც იცოდნენ, თუმცა ზოგიერთი პატარა ასაკის გამო ვერ აცნობიერებდა მომხდარს, ზოგიერთი კი შიშის გამო დუმდა.
● რა სჭირს სკოლას? ექვსი მთავარი პრობლემა საქართველოს სასკოლო განათლებაში
● როგორ ათხოვებენ საქართველოში არასრულწლოვან გოგონებს
● 6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს
ინფორმირებული პირების განმარტებით, ეს პროცესი ახლახან არ დაწყებულა, არსებული ვიდეოები სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაშია გადაღებული. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში მინიმუმ 12 კაცია ჩართული, მათგან სამი ბათუმში ცხოვრობს.
“ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ერთ-ერთ ქალს, რომლის შვილიც 2019 წელს ასევე გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ოჯახი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა როგორც ქალი ამბობს, თუკი გამოძიება დაინტერესდება, მზად არის მისცეს ჩვენება იმ პირის შესახებ, ვინც მის 8 წლის გოგონას სასქესო ორგანოებზე ხელით შეეხო.
“ეს იყო 2019 წლის სექტემბერში, როცა ბათუმში ნაქირავებ ბინაში ვიყავით მე და ჩემი შვილი. ამ ადამიანისგან გვქონდა ჩვენ ბინა ნაქირავები და ვიცნობდი მას. როგორც გავიგე, ეს კაცი ეკონტაქტება ბავშვებს ონლაინში და სექსს სთავაზობს. ისიც მითხრეს, რომ ამ კაცის დანახვაზე ბავშვები ტირიან და მისი ეშინიათ. თუკი დაინტერესდება პროკურატურა, მე მივაწვდი ინფორმაციას.“ – ამბობს მშობელი.
ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე აჭარის პროკურატურაში განცხადება დღეს, 5 ივნისს, შევიდა. თბილისის პროკურატურამ შშმ ქალების უფლებადამცველი მარიამ დევაძე უწყებაში 7 ივნისს დაიბარა.