მარნეულში კაცმა თვითონ მოხრეშა დანგრეული გზა. სურამში ხეები ჩააბეტონეს. ამბები რეგიონებიდან
გაზიარება
გაზიარება
რეგიონული ამბების დაიჯესტი
გორში ჩუტყვავილას გართულებით ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა
“ვეუბნები, ჩქარა ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ ან რამე -მეთქი და ჯერ ისტორია უნდა შევავსოო. რა დროს ისტორიაა, ბავშვი კვდება მეთქი. მაშინ თბილისიდან გამოვიძახოთ სასწრაფოო, ოღონდ ჯერ საბუთები უნდა შევავსოთ, მერე დავურეკოთო”, – გორში ჩუტყვავილას გართულებით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ ექიმს ინფექციის გამოვლენისთანავე მიმართეს, თუმცა, დაავადება მაინც გართულდა. რადიო “მოზაიკასთან” ბავშვის ბებია ამბობს, რომ ექიმმა მის შვილიშვილს დახმარება დროულად არ გაუწია.
მესხეთში მართლმადიდებელმა ბერმა კათოლიკეებს ერთ-ერთ ტაძართან წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება არ მისცა
ადიგენი, ბუზმარეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ფოტო: Sk news
სამცხე-ჯავახეთში მართლმადიდებელმა ბერმა კათოლიკე მრევლს ერთ-ერთ ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარების უფლება არ მისცა. ბერი მორწმუნეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. შემთხვევა საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში მდებარე ბუზმარეთის ეკლესიაში მოხდა. 18 მაისს ამ ტაძარში კათოლიკეებს ამაღლება უნდა ეზეიმათ.
“ვერ ჩაატარებთ აქ წირვას ტო! ტყეში გადით და სადაც გინდათ ჩაატარეთ”, – ციტირებს ბერის სიტყვებს გამოცემა Sk news.
“მეზობელს ძროხა და დედა ღორი შეუჭამა, რა გვეშველება?! მტაცებლებისთვის ვზრდით პირუტყვს? გარბის ხალხი სოფლიდან, თუ ვერაფერი იყოლიე, რა ქნას აბა გლეხმა“, – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულს მგლები შეესია.
გამოცემა “ქუთაისიპოსტთან” ადგილობრივები ყვებიან, რომ მტაცებელმა ათეულობით შინაური პირუტყვი დაგლიჯა.
სურამის ტყეში ჩაბეტონებული ხეები. ფოტო: სოციალური ქსელი
სურამში ბაიანთხევის წიწვოვან ტყეში ხეები ჩააბეტონეს. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოზე ჩანს, რომ ხეები მთლიანად ჩაბეტონებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი ვერ დატენიანდება, რაც დიდი ალბათობით ხეების გახმობას გამოიწვევს.
გამოცემა Qartli.ge წერს, რომ ხაშურის მერიაში ვერ უპასუხეს კითხვაზე, ვინ ჩააბეტონა ხეები.
კახელი ფერმერებს ულპებათ ხორბლისა და ქერის მოსავალი
კახეთში მცხოვრები ფერმერები ხორბლის და ქერის შარშანდელი მოსავლის გაყიდვას ვერ ახერხებენ. გამოცემა “კახეთის ხმასთან” ფერმერები ყვებიან, რომ რამდენიმე დღეში ახალი მოსავალი უნდა აიღონ, თუმცა ჯერ ისევ საწყობებში უფუჭდებათ გასული წლის, ათეულობით ტონა ხორბალი და ქერი.
ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად, ფერმერებმა თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალი გადაკეტა. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, ხორბლის გაყიდვაში დაეხმარონ. ვადა 10 მაისამდე მისცეს.
მარნეულში კაცმა თავად მოხრეშა დანგრეული გზა, რომ ოჯახის მარჩენალი მოტოციკლი არ გაეფუჭებინა
მეზაჰირ ნამაზოვი ხრეშით ავსებს დანგრეულ გზას. ფოტო: რადიო მარნეული
50 წლის მეზაჰირ ნამაზოვი მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ცხოვრობს და ყოველდღე დადის მარნეულის ბაზარში. გზა, რომელსაც მეზაჰირი თავისი მოტოციკლეტით გადის, დანგრეულია და მეზაჰირს გამუდმებით უფუჭდებოდა ოჯახის მარჩენალი ტრანსპორტი. ამიტომ, მეზაჰირმა ამ გზის მოხრშვა გადაწყვიტა. ყოველ ჯერზე, ბაზრიდან დაბრუნებულს ქვის საწარმოდან ხრეში მოაქვს და გზას ავსებს.
“არავინ არ აკეთებს, მეც ვავსებ ხრეშით მოტოციკლს და მომაქვს. დაახლოებით 10 წელზე მეტია რაც ეს გზა ასეა”, – ამბობს მეზაჰირი რადიო მარნეულთან.
ნინოწმინდაში “შაბათობა” მოაწყეს და დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს
17 მაისს ნინოწმინდაში შაბათობა გამოაცხადეს და მუნიციპალიტეტის დანაგვიანებული ტერიტორიები დაასუფთავეს. რადიო “ნორის” ინფორმაციით, აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.
ეროვნული სამოსის დღე, გურჯაანში, ტანსაცმლის გამოფენით აღნიშნეს. ქართული ნაციონალური ტანსაცმელი ახალგაზრდებმა მოირგეს და გურჯაანის რამდენიმე ქუჩა შემოიარეს. გაიმართა ზეიმიც, რომელშიც ადგიობრივი ცეკვისა და მუსიკის ანსამბლები მონაწილეობდნენ.