ნინო ლომჯარია: პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის
ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიაზე
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაც არის ის, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის.
“თუ გჯერა და გწამს, რომ კონკრეტული ადამიანი არასწორი ბრალით ზის ციხეში, დანაშაული არ ჩაუდენია და მაინც ციხეშია და თუ გჯერა, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივაცია არსებობს და შენ ბერკეტი გაქვს, რომ ეს ადამიანი ციხეში არ იჯდეს, მაშინ, შენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.
პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია ამიტომ აქვს, რომ მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები თუ რაიმე პოლიტიკური გავლენები დააბალანსოს […] ეს ბერკეტი სწორედ იმიტომ აქვს პრეზიდენტს, რომ მანაც აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა ქვეყანაში სამართლიან მართლმსაჯულებაზე და ჩაერიოს, როდესაც მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ხარვეზებს ადგილი აქვს.
ამ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ნამდვილად სახეზე გვაქვს და რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობაც არის ის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის.” – განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში ნინო ლომჯარიამ.
● რატომ დააპატიმრეს ნიკა გვარამია. მოკლედ საქმის არსი და შეფასებები
● “დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია” – EPP-ის რეზოლუცია
● Foreign Affairs: რუსეთი საქართველოში იმარჯვებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა შეწყალებულთა შორის ნიკა გვარამია არ აღმოჩნდა.
“5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
“მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმე მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშიც. დოკუმენტის ქვეთავებში, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებსა და გამოხატვის თავისუფლება ეხება, საუბარია მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური ტელეარხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსთავი 2-ისთვის ფინანსური ზარალის მიყენების გამო მიუსაჯეს.
თეთრი სახლი Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას საქმემ გამოავლინა “მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში”, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გვარამიას საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. მათივე თქმით, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.
ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.