გია ნოდიას მოსაზრება: ამერიკა არ აპირებს, შეიწყნაროს ოცნების კურსი
გია ნოდიას მოსაზრება
პოლიტოლოგმა გია ნოდიამ “პალიტრანიუსის” ეთერში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ეს “სერიოზული გზავნილია ამერიკისგან” და ის არ აპირებს, შეიწყნაროს ოცნების კურსი.
“ძალიან სერიოზული გზავნილია დასავლეთისგან, კერძოდ, ამერიკის ხელისუფლებისგან, რომ ის არ აპირებს რაღაცნაირად შეიწყნაროს “ქართული ოცნების” პოლიტიკური კურსი, რომელიც მას ჩამოუყალიბდა და შეიწყნაროს დემოკრატიის სფეროში ის აშკარა უკან დახევა, რომელიც არსებობს, უკან დახევა სხვადასხვა სფეროში ვლინდება, მაგრამ სასამართლოს საკითხი, ტრადიციულად, განსაკუთრებით მწვავეა.
ამერიკის ხელისუფლებაში გადაწყდა, რომ ეს გზავნილი უშუალოდ სასამართლო სისტემის მიმართ გაიგზავნოს. ეს უშუალო, პირდაპირ გავლენას შიდა სიტუაციაზე ვერ მოახდენს, მაგრამ ზოგად განწყობაზე მოახდენს. რაც შეეხება შიდა განწყობას, ხალხის განწყობას, “ქართული ოცნება” ცდილობს შეინარჩუნოს ილუზია, რომ ის დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას ახორციელებს, თან სხვა რაღაცებს აკეთებს. რაღაც ნაწილი არსებობს მისი მომხრეებისა, რომლებიც ამას იჯერებენ. თანდათან, ასეთი ხედვის ეროზია ხდება, სულ უფრო რთული ხდება ამის დაჯერება.
ამერიკა რომ გასანქცირებს, ეს ნიშნავს, რომ ისეთი ქვეყნების რიგში აღმოჩნდი, როგორიც რუსეთია. ქვეყნისთვის და ქვეყნის იმიჯისთვის, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რაღაცნაირად, ამავე დროს, ჩამოყალიბდა უკვე ეს განცდა, ეს ხედვა, საქართველოს გარეთაც და შიგნითაც, რომ ძალიან დიდი წყვეტაა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. საზოგადოება უდიდესი უმრავლესობით პროდასავლურია, ხელისუფლება არ გამოხატავს მის ამ განწყობას.” – ამბობს გია ნოდია.
● “ესაა გაფრთხილება” – რას ამბობენ სანქციებზე უცხოელი ექსპერტები და ჩინოვნიკები
● აშშ-მ ჩინჩალაძე, მურუსიძე და კიდევ ორი მოსამართლე დაასანქცირა
● კელი დეგნანი სანქციებზე: კორუფციული ქმედებებით სამართლის უზენაესობა შებღალეს
გუშინ, 5 მარტს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა “მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო” მოსამართლეებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
დამოუკიდებელი ექსპერტები და უფლებადამცველები უკვე წლებია აღნიშნავენ, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე საქართველოში ხელმძღვანელობენ ე.წ. მოსამართლეთა მძლავრ „კლანს“, რომელიც ბლოკავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად საჭირო რეფორმებს.
ორივე მოსამართლე დაკავშირებულია ძლიერ ორგანოსთან, რომელსაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების მთავარი ზედამხედველობის ორგანოა. ითვლება, რომ მათ ასევე აქვთ ფარული ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, საქართველოს უმდიდრეს ადამიანთან, “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან და ქვეყნის არაფორმალურ მმართველად.
მურუსიძე წინა ხელისუფლების ლოიალობითაც გამოირჩეოდა – სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. მურუსიძის სახელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება უკავშირდება.
სასამართლო სისტემის გაუმჯობესების შესახებ პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაშიც. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა და უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნა გააგრძელა.
31 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.