მოკლედ გიყვებით, რა თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ანტირუსულ აქციებზე. ძირითადი მესიჯები
კობახიძის ბრიფინგი ფრანკლინის კლუბი
მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მორიგი ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ შეაჯამა გასულ კვირას მომხდარი მოვლენები.
მოკლედ გიყვებით, რა თქვა მან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია, მისი მონაყოლით შეგვიძლია დავასკვნათ, როგორ ხედავს მოვლენებს თავად არაფორმალური მმართველი.
რომ შევაჯამოთ, “ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებიდან იკვეთება ასეთი სურათი:
● მომიტინგეების უკან დგას “ნაციონალური მოძრაობა” და “გლობალური ომის პარტია”, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალება, საქართველოს ომში ჩათრევა და აქ მეორე ფრონტის გახსნაა.
● ამ გეგმის შესრულებაში “ნაციონალურ მოძრაობას” ეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში “უცხოური გავლენის აგენტების” როლს ასრულებენ. ეს კარგად წარმოაჩინა ბოლო მოვლენებმა – კანონპროექტის მიღების გარეშეც გამოჩნდა ვინ ვინ არის, რადგან მოხდა ლუსტრაცია და “აგენტები გაიშიფრნენ”.
● ასევე, პროტესტებში აქტიურად მონაწილეობდნენ “რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები”.
● არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ გადატრიალება ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, ე.წ. “ბაკურიანის შეხვედრაზე” დაგეგმეს.
-
რა არის "ბაკურიანის გეგმა"
„ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე თითქმის ერთი წელია ლაპარაკობენ „ბაკურიანის შეხვედრაზე“, სადაც, მათი თქმით, საგანგებოდ ჩამოყვანილი ამერიკელი ტრენერი პიტერ აკერმანი, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს „ხელისუფლების გადატრიალებაში“ ავარჯიშებდა და “რევოლუციის მოწყობას” ასწავლიდა. „ქართული ოცნება“ ამ შეხვედრას ახსენებს რევოლუციის გზით ხელისუფლების გადატრიალების კონტექსტში და ამბობს, რომ ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის დაგეგმვა.
შეხვედრა-სემინარი, რომელზეც “ქართული ოცნება” საუბრობს 6-8 აპრილს, ბაკურიანის სასტუმრო Rooms Kokhta-ში გაიმართა. მას მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ბიზნესმენი, უფლებადამცველი და მკვლევარი, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) დამფუძნებელი, 75 წლის პიტერ აკერმანი ატარებდა [აკერმანი ამ შეხვედრიდან სამ კვირაში გულის შეტევით გარდაიცვალა_JAMnews]. სემინარის თემა იყო არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ, რაც აკერმანნის ცნობილი წიგნის The Checklist to End Tyranny -ს თემა.
შეხვედრას მართლაც ესწრებოდნენ ქართული არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური წრეების და მედიის წარმომადგენლები. თუმცა, სემინარის მონაწილეებისთვის ხელისუფლების ბრალდებები გაოცებას იწვევს – როგორ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმო ღია შეხვედრაზე, ცნობილ სასტუმროში, კითხულობენ ისინი. „ეს იყო ზოგადი საუბარი არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობების შესახებ, იმის შესახებ, რომ, ზოგადად, საზოგადოება უნდა იყოს გამთლიანებული საკუთარი უფლებებისთვის, არ უნდა დაუშვას ქვეყანაში ავტოკრატიული ტენდენციების გაძლიერება… ის [პიტერ აკერმანი] ლაპარაკობდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე… ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ადამიანის მოსმენა, რომელიც, სამწუხაროდ, ასე მოულოდნელად გარდაიცვალა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მონაწილემ, “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
● ახალგაზრდები, რომლებიც აქციაზე იდგნენ, ძირითადად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” და არასამთავრობოების “პროპაგანდის მსხვერპლნი” და “შეცდომაში შეყვანილები”. [თუმცა, ზოგი მათგანი შეიძლება სხვა ძალების მიერაც იყო მართული – მაგალითად, სატანის].
● ახალგაზრდების “რეკრუტირება” ხდება იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც “ნაციონალები” არიან მენეჯმენტში და ლექციებსაც ძირითადად ისინი კითხულობენ. ეს უნივერსიტეტებია – კახა ბენდუქიძის “თავისუფალი უნივერსიტეტი” და გიული ალასანიას “შავი ზღვის უნივერსიტეტი”.
● “შეიძლება ევროპა მართლაც არ არის სათქვენო” – დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
● ივანიშვილის ადვოკატი: რატომ იყო საჭირო ამ კანონის ინიციირებით ვნებათაღელვის გამოწვევა?
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
● ასევე, ახალგაზრდებისთვის ტვინების გამორეცხვის მიზნით არის შექმნილი ორგანიზაცია “ფრანკლინის კლუბი”, სადაც სტუდენტებს და უფროსკლასელ არასრულწლოვანებს ლექციებს უტარებენ “რეაქციონერი ნაციონალები” (ლევან რამიშვილი, გია ნოდია), ასევე “ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები” (ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე) . მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია Atlas Network-ი, რომელიც “მთელ მსოფლიოში ძალადობრივ და არაძალადობრივ პროტესტებს აორგანიზებს”.
● კლუბში ახალგაზრდები სწავლობენ ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის სახელმძღვანელოებიდან, სადაც წერია როგორ მოვაწყოთ რევოლუციები და სხვადასხვა “ექსტრემისტულ აქტივობები”. მათ შორის, წყლის ჭავლთან მომიტინგის ცეკვაც და სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანაც ამ სახელმძღვანელოშია აღწერილი.
● აგენტების კანონის წინააღმდეგ კამპანია “ლიბერალური ფაშიზმის” საუკეთესო ნიმუშია – მიმდინარეობს ზეწოლა ცნობად სახეებზე, მათი ოჯახის წევრებზე. “ლიბერალური ფაშიზმი” და “ბოლშევიზმია” უნივერსიტეტებსა და სკოლებში, როდესაც სტუდენტები და მოსწავლეები უჯანყდებიან ლექტორებს, მასწავლებლებს, რომლებიც “აგენტების კანონს” უჭერდნენ მხარს.
● კობახიძემ ასევე “ვარდების რევოლუციაზე” ისაუბრა და თქვა, რომ 2003 წლის რევოლუციამ მოიტანა დემოკრატიული უკუსვლა, ქვეყნის 20%-ის დაკარგვა.