ბავშვები, რომლებიც აუტიზმის გადალახვას ცდილობენ. წარმატების საიდუმლო
შრომის სამინისტროს მონაცემებით, სომხეთში აუტიზმის დიაგნოზით 310 ბავშვია დარეგისტრირებული. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც შშმპ სტატუსი მიიღეს. თუმცა, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, აუტისტი ბავშვების რიცხვი, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის მიმართეს, 564-ზე მეტია.
სინამდვილეში, მათი რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი მშობელი მათ უბრალოდ მალავს საზოგადოებისგან. მოგიყვებით იმის შესახებ, რა პრობლემებს აწყდებიან აუტისტური სპექტრის ბავშვები და მათი მშობლები და როგორ ცდილობენ ერთად მათ დაძლევას.
ცენტრში „მასწავლე უფრო მეტი“
ქალი ვიდეოდან ხაზგასმულად გამოკვეთილად გამოთქვამს და რამდენჯერმე იმეორებს ეკრანზე გამოჩენილი ხილის დასახელებას. ბავშვები ყურადღებით აკვირდებიან ქალის ტუჩების მოძრაობას, შემდეგ კი მასწავლებლების დახმარებით ამ ხილის მოძებნას ცდილობენ – მაგიდაზე დაწყობილი ნახატებიდან.
„ამ მეთოდს ვთავაზობთ ბავშვებს, რომლებსაც მეტყველებისა და გარემოსთან ადაპტირების პრობლემები აქვთ. აუტისტ ბავშვებს ადამიანებთან ურთიერთობა რთულად გამოსდით“, – გვიხსნის ლენა არუთუნიანი, რომელმაც დააარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, განათლებისა და განვითარების ცენტრი „მასწავლე უფრო მეტი“.
• მარტოხელა დედები სომხეთში. ქალების ისტორია, რომლებმაც ეს გაბედეს
• “ვერცხლის გოგონები” . ფილმი სამი ერევნელი ოქრომჭედლის შესახებ
• დიანა ანფიმიადი: “ეს წერილი მათთვისაა, ვისაც სიტყვა აუტიზმის ეშინია”
40 წლის ლენას ორი შვილი ჰყავს. ბიჭი ნარეკი უკვე 12 წლისაა. ის აუტისტია. მშობლებმა ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც ის წლინახევრის იყო.
„ჩვენ ნარეკთან ერთად სხვადასხვა ცენტრში დავდიოდით, სპეციალური თერაპიის კურსებს ვესწრებოდით. მრავალი მცდელობის შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენი ყველა მცდელობა ფუჭი იყო, არ გამოგვდიოდა ურთიერთობის დალაგება და მისი სოციალიზაციის უზრუნველყოფა.
ხანგრძლივი ძიების შემდეგ ამ მეთოდს გადავაწყდი, რომელიც აშშ-ში უკვე 15 წელია გამოიყენება. მოვძებნე მისი შემქმნელები – ლაურა და ბრაიან კასბარები. მათ შვიდი შვილი ჰყავთ, რომელთაგანაც სამს აუტიზმისა და მეტყველების პრობლემები აქვთ. დავიწყე მათთან თანამშრომლობა. მათი მეთოდი ნარეკს პირველი წარმატების მიღწევაში დაეხმარა“, – გვიყვება ლენა არუთუნიანი.
მისი თქმით, ეს მეთოდი მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვებს თანდათანობით ასწავლის ურთიერთობასა და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვას.
რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო
ლაურა კასბარმა ეს მეთოდი თვითონ შეიმუშავა – მას უბრალოდ ძალიან უნდოდა შვილებს დახმარებოდა. ის ყველანაირად ცდილობდა, მათთვის ლაპარაკი ესწავლებინა, მაგრამ უშედეგოდ.
ვიდეოს გადაღების იდეა თავში მაშინ მოუვიდა, როდესაც შეიტყო, რომ ბავშვებს სწავლის პროცესში ვიზუალური მხარდაჭერა სჭირდებათ, ადამიანის იქვე ყოფნა კი ყურადღებას უფანტავთ. უნდა მოეფიქრებინა ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც ადგილზე ვინმეს ყოფნას გამორიცხავდა.
მან ქმართან ერთად ვიდეორგოლების გადაღება დაიწყო. კადრებში აქცენტი ლაურას ტუჩებზე იყო გაკეთებული, რათა ბავშვებს დაენახათ, როგორ უნდა გამოეთქვათ ესა თუ ის სიტყვა.
და ყველაფერი გამოვიდა: ბავშვებმა არა მხოლოდ ლაპარაკი და კითხვა ისწავლეს, სკოლის პროგრამაც თანატოლებზე სწრაფად აითვისეს და უკვე 16 წლის ასაკში ჩააბარეს კოლეჯში.
ვიდეორგოლები აუტისტ ბავშვებს გაკვეთილების სწავლას უმარტივებს, რამდენადაც იქ იმაზეა აქცენტი გაკეთებული, რაც მათ უნდა გაითავისონ. ასევე, გათვალისწინებულია ყველა ფაქტორი, რომელმაც ბავშვებს, შესაძლოა, ყურადღება გაუფანტოს.
მეთოდის ადაპტაცია
ლინგვისტმა და განათლების მიმართულებით სკოლის ფსიქოლოგმა ლენამ, მეთოდს ადაპტირება გაუკეთა, სომხურ რეალობას მოარგო და ვიდეორგოლები ინტერნეტში განათავსა.
„გაწეული სამუშაოს შესახებ 2016 წელს განვაცხადეთ და სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. მშობლები გვთხოვდნენ, რომ ინტერნეტში უფრო და უფრო მეტი ვიდეორგოლი განგვეთავსებინა. ჩვენ მათ Youtube-ზე ვდებდით და მუდმივად ვიღებდით მშობლების რეაქციას იმის შესახებ, რომ კიდევ ერთმა ბავშვმა დაიწყო ყურადღებით ვიდეოების ყურება და რეაგირება. ეს ჩვენ მხნეობას გვმატებდა.
მაგრამ მალე მივხვდი, რომ სკაიპითა და ტელეფონით მუდმივად სალაპარაკოდ და Facebook-ის გვერდის სამართავად დრო არ მყოფნიდა. ამ ყველაფრის კონტროლი აღარ შემეძლო. საბოლოოდ პატარა ცენტრი გავხსენით, მოვიწვიეთ სპეციალისტები და დავიწყეთ მუშაობა“, – გვიამბობს ლენა.
2016 წელს მან დააფუძნა განათლებისა და განვითარების ცენტრი „მასწავლე უფრო მეტი“, სადაც დღეს უკვე 90 ბავშვი დადის და კიდევ 200 თავის რიგს ელოდება.
ცენტრში მუშაობს ფსიქოლოგი, ლოგოპედი, მასწავლებელი, რომელიც ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეცადინეობებს ატარებს. ცენტრთან არსებობს კოლეჯი „Teach me more“ (მასწავლე უფრო მეტი), სადაც ბავშვები 4 და უფრო მეტ საათსაც ატარებენ.
მიმღები კომისია ითვალისწინებს ბავშვის მოთხოვნებს და განსაზღვრავს, რომელიც მეთოდით უნდა წარიმართოს მისი სწავლება. კოლეჯში ინკლუზიური წრეებიც მუშაობს, რომლებშიც პრობლემების არმქონე ბავშვები დადიან.
ნარეკი
ერთ-ერთ კაბინეტში ცენტრის მასწავლებელი ეველინა ივანესიანი ნარეკს კარნახს აწერინებს.
„მე უბრალოდ მისი ხელი მიჭირავს, იმიტომ რომ მისი მტევნები არასაკმარისად განვითარებულია, და ის დამოუკიდებლად წერს, აყალიბებს თავის მოსაზრებებს. ვსაუბრობთ: მე სიტყვიერად, ის კი წერილობით“, – ამბობს ეველინა.
მისი თქმით, აუტისტი ბავშვები განვითარების დონით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. თითოეული პედაგოგის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუტისტი ბავშვების მომზადებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
„ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ფსიქოლოგთან, შემდეგ გადავდივართ სპეციალურ მასწავლებელთან. ფსიქოლოგი მუშაობს ქცევაზე, მეხსიერების განვითარებაზე. ეს არის ეტაპები, რომლებიც ბავშვმა თანდათანობით უნდა გადალახოს“.
რას ასწავლიან ცენტრში
თითოეული პედაგოგი ყოველდღიურად ინდივიდუალურად მუშაობს ხუთ ბავშვთან. აქ ჯგუფური მეცადინეობებიც იმართება, რომელშიც ერთდროულად სამი სპეციალისტი მონაწილეობს: მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ერგოთერაპევტი.
ერგოთერაპევტი ნარინე მურადიანი გვიხსნის, რაში ეხმარება ცენტრის აღსაზრდელებს:
„ჩვენ ვავითარებთ მსხვილ და წვრილ მოტორიკას, ვასწავლით მოძრაობას, საგნების ხელში დაჭერას, სიარულს, სირბილს, ხტუნვას, ჭამას, ტუალეტით სარგებლობას. ანუ ვაძლევთ პირველადი აუცილებლობის უნარ-ჩვევებს, ვცდილობთ გავხადოთ ისინი უფრო თავისუფლები და დამოუკიდებლები. ბავშვები, რომლებსაც ასეთი პრობლემები არ აქვთ, იძენენ ამ უნარ-ჩვევებს, ყოველდღიურად ლახავენ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, რაც ბუნებრივ განვითარებად მიიჩნევა. ვცდილობთ, დავეხმაროთ ამ ბავშვებს, შეიძინონ ეს უნარ-ჩვევები“.
ინკლუზიურობა
ლენა არუთუნიანის განცხადებით, საზოგადოება რთულად ლახავს დიდი ხნის განმავლობაში დადგენილ სტერეოტიპებს:
„მარტივი მაგალითი: ბავშვს არ უნდა სადღაც წასვლა, ყვირის. ადამიანებს ეს ხმა აშინებთ, ისინი არ აძლევენ თავიანთ შვილებს ჩვენს ბავშვებთან ურთიერთობის საშუალებას, ეუბნებიან, რომ ეს ბავშვი შეურაცხადია და შეიძლება დაარტყას. პრობლემები იწყება ჯერ კიდევ საბავშვო ბაღებში“.
12 წლის ნარეკი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლობს. დედა გვიყვება, რომ თავდაპირველად გაკვეთილზე, მერხთან 5 წუთითაც ვერ სვამდა, ბავშვი ყვიროდა და კლასში დარბოდა, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მისი ქცევა შეიცვალა.
„ინკლუზიური განათლების დანერგვამ სომხეთში დაიგვიანა. ძალიან გამიხარდებოდა, თავის დროზე, ასეთი პრობლემების მქონე ბავშვები მეხილა ჩემ გვერდით. უფრო მეტად ვიქნებოდი მზად ასეთი ბავშვის დედობისთვის. არის ეტაპები, რომლების გავლაც უწევს მშობელს. მაგალითად, უარყოფის პერიოდი – როდესაც ვერ ხვდები, რომ შესაძლოა ასეთი შვილი გყავდეს. საჭიროა დრო, რათა ამას შეეგუო და ბრძოლა დაიწყო“, – ამბობს ლენა.
მშობლების დახმარება
„შემდეგ იწყება საზოგადოებასთან ბრძოლის პერიოდი. ბავშვი ასეთი დაიბადა, ჩვენი ვალია, გავზარდოთ ის ოჯახში და მივცეთ ყველაფერი, რაც საჭიროა. მაგრამ გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერაც. მაგალითად, საჭიროა დღის ცენტრები, რომ მშობლებს იქ შვილების 7 საათით დატოვება მაინც შეეძლოთ, რათა იმუშაონ“, – ამბობს ლენა.
მისი თქმით, სომხეთში არცერთი ასეთი ცენტრი არ არის და მშობლების უმრავლესობას მუშაობა არ შეუძლია:
„თუკი ბავშვს მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ასეთი ოჯახები საშინელ სოციალურ მდგომარეობაში ვარდებიან“.
ბავშვების მომავალი
ორგანიზაციის „მასწავლე უფრო მეტი“ ხელმძღვანელი, ასევე, აყენებს აუტისტი ბავშვების დასაქმების საკითხს.
„პრობლემების მქონე ბავშვის მშობელი აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, თუ როგორ იცხოვრებს ის მის გარეშე. სახელმწიფო, დასაქმების ცენტრების შექმნით, უნდა დაგვეხმაროს, რათა მომავალში ჩვენი შვილები საკუთარ სახლებში გამოკეტილები არ აღმოჩნდნენ. საჭიროა მათი უზრუნველყოფა მათივე უნარების შესატყვისი საქმიანობით, მათი უნარ-ჩვევების გამოყენება საზოგადოების სასარგებლოდ.
თუკი ასწავლი ბავშვს, იბრძვი წლობით, ყველა ეს სარეაბილიტაციო სამუშაო მიმართულია სწორედ ამისკენ. ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც სანთლებს აკეთებენ. საზღვარგარეთ ვნახე ასეთი ბავშვები, რომლებიც უკვე მუშაობენ“, – ამბობს ლენა.
ცენტრი მაგალითის როლს ასრულებს
უკვე სამი თვეა, რაც ტიგრან გევორგიანი ცენტრში „მასწავლე უფრო მეტი“ მუშაობს. ის ბავშვებს წერასა და კითხვაში ეხმარება.
„სახლიდან აქ დამოუკიდებლად მოვდივარ, ამ ადგილას შესანიშნავად ვგრძნობ თავს, ყველაფერი კარგია და, რაც ყველაზე მთავარია, უკვე ვმუშაობ“, – ამბობს 24 წლის ტიგრანი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს.
ეფექტურობა
ლენას თქმით, არიან მშობლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცვლილებები რამდენიმე გაკვეთილში დაიწყება. შემდეგ კი ხვდებიან, რომ გრძელი გზის გავლა ელით და მისი გავლა მოუწევთ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ თვითონაც.
„მშობელი – ბავშვის მამოძრავებელი ძალაა. თუკი მშობელი ბავშვს პრობლემების გამო საზოგადოებისგან იზოლაციაში მოაქცევს, ასეთ შემთხვევაში მისი მდგომარეობა ვერასოდეს გაუმჯობესდება. თავდაპირველად მშობლებმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ, მიიღონ რეალობა. თუკი ამას არ გააკეთებენ, საზოგადოება როგორღა მიიღებს მათ შვილს? არაა საჭირო დამნაშავეების ძიება. ეს ჩვენ რატომ შეგვემთხვა? ეს უკვე მოხდა. უნდა იცხოვრო აწმყოთი და მომავლით. დავიწყოთ ახლავე“, – ამბობს ლენა.