ბაქოში პოლიტპატიმრების მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა - ფოტორეპორტაჟი
ბაქოში გაიმართა ოპოზიციის მიტინგი, რომელიც დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს [კოალიცია, რომელიც სხვადსხვა ოპოზიციური პარტიის წევრებს აერთიანებს] მიერ იყო ორგანიზებული. მონაწილეები მოითხოვდნენ ბლოგერ მეჰმან გუსეინოვის გათავისუფლებას, რომელიც ციხეში, იქ მისი მეორე პატიმრობის ვადით დატოვების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, შიმშილობს, ასევე – სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ეს მიტინგი – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, რომელიც დაიწყო დეკემბრის ბოლოს, როდესაც გუსეინოვმა შიმშილობა გამოაცხადა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პენიტენციური ორგანოები ირწმუნებოდნენ, რომ არავითარი შიმშილობა არ არსებობს, ხოლო მაღალი თანამდებობის რამდენიმე ჩინოვნიკმა თავად ბლოგერისა და პროტესტანტების მისამართით შეურაცხმყოფელი ტონით ილაპარაკა.
17 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი მოთხოვნით „მეჰმან გუსეინოვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და მას ახალი ბრალდებები მოეხსნას“.
ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდნენ ოპოზიციური პარტია „მუსავათის“, „რესპუბლიკური ალტერნატივას“ და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის წარმომადგენლები, ასევე – პოლიტიკური აქტივისტები. ისინი ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. ლაპარაკობდნენ კორუფციის, ცუდი ეკონომიკური სიტუაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შისახებ. გარდა ამისა, მათი აღშფოთების საგნად იქცა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლების ზედმიწევნით მშვიდობიანი პოლიტიკა .
ვინ არის მეჰმან გუსეინოვი?
26 წლის მეჰმან გუსეინოვი – პოპულარული ვიდეო-ბლოგერია. თავის ვიდეოსიუჟეტებში ხელისუფლებას აკრიტიკებდა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გმობდა.
გუსეინოვს 2017 წლის მარტში, ბაქოს პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მიმართ ცილისწამების ბრალდებით, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში მას აწამებდნენ, და ეს სიტყვები სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია.
უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Amnesty International გუსეინოვი „სინდისის პატიმრად“ აღიარა.
მეჰმან გუსეინოვის პატიმრობის ვადა ამ წლის მარტში იწურება, მაგრამ დეკემბრის ბოლოს მას წაუყენეს ახალი ბრალდება
მეჰმან გუსეინოვის ირგვლივ განვითრებული მოვლენების ქრონოლოგია
- 26 დეკემბერს – მეჰმან გუსეინოვმა, მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალდების მოხსნის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადა;
- 3 და 6 იანვარს – მეჰმან გუსეინოვის მხარდამჭერი ორი არასანქცირებული მიტინგის ბევრი მონაწილე 20 დღე-ღამით დააპატიმრეს ან დააჯარიმეს;
- 5 იანვარს – მეჰმანისადმი სოლიდარობის ნიშნად, პარტია „მუსავათის“ ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა შიმშილობა დაიწყეს;
- 7 იანვარს მეჰმანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის შიმშილობას ისევ აგრძელებს, მაგრამ რძის პროდუქტების მიღება დაიწყო;
- 7 იანვარს – პარლამენტის დეპუტატმა სიავუშ ნოვრუზოვმა პრესაში განაცხადა, რომ მეჰმან გუსეინოვმა დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს;
- 10 იანვარს – პრესაში გაჩნდა ხელით დაწერილი მიმართვის ფოტო, რომელშიც მეჰმანი ამბობს, რომ თავის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა არ სურდა, და რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია;
- 11 იანვარს – მეჰმანთან ვიზიტით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენელი, და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები;
- 14 იანვარს – „სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა“ ხუთმა პოლიტიკურმა პატიმარმა გამოაცხადა;
- 15 იანვარს – მოშიმშილეებს შეუერთდა ცნობილი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა;
- 16 იანვარს – ზოგიერთმა ოპოზიციონერმა შიმშილობა შეწყვიტა, და მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს;
- 17 იანვარს – ბლოგერის ძმამ, უფლებადამცველმა ემინ გუსეინოვმა, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, ევროპარლამენტის წევრებს გაუგზავნა ღია წერილი თხოვნით, რომ მეჰმანისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მისცენ ხმა;
- 17 იანვრის საღამოს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი მოთხოვნით, რომ „მეჰმან გუსეინოვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, და მას ახალი ბრალდებები მოეხსნას“.