ადამ კიზინგერი: ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს
ადამ კიზინგერი
ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, “ქართული ოცნება” რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, რაც “ძალიან სევდიანია.”
კინზინგერი Twitter-ზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ CNN-ის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც, კობახიძის მტკიცებით, CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, როცა გავლენიანი მედია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ “ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს”, ეს ცალკე პრობლემაა, თუმცა, მისივე შეფასებით, ამაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ამ სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ.
Georgia Dream is not even hiding anymore their love for Russia. Very sad. https://t.co/mjvPdluhd9
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) January 24, 2023
● დასავლეთი თუ რუსეთი? რას და რატომ ირჩევენ სამხრეთ კავკასიაში
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ჰკითხა და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა.
ქრისტიან ამანპურმა ლაიენს ჰკითხა: “უკვე რამდენიმე პაკეტი დაამტკიცეთ რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა, გვესმის და ალბათ თქვენც შეიტყობდით, რომ ბევრი აკრძალული საქონელი მაინც შედის რუსეთში შემოვლითი გზებით, მათ შორის, როგორც ბოლო ინფორმაცია გვეუბნება, საქართველოს გავლით. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ სანქციების ქვეშ მყოფმა რუსეთმა ვეღარ მიიღოს ის, რაც სჭირდება”.
ამის პასუხად ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები მიუღებელია.
“დიახ, ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციების 9 პაკეტი და ეს სანქციები გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, თუმცა ვხედავთ, რომ არის გვერდის ავლის მცდელობებიც, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევეგუებით. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ ადამიანების სიის შედგენა, რომლებიც ყიდულობენ ევროკავშირში საქონელს და ჩააქვთ ის რუსეთში, თუმცა სანქციების მეათე პაკეტის მიზანი იქნება ამ ხვრელების დახურვა, შემოვლითი გზების დაკეტვა და იმ ადამიანების სანქცირებულთა სიაში შეყვანა, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას. მეათე პაკეტი სწორედ ამას შეეხება”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
15 იანვარს The New York Times–მა რუსეთში იმპორტირებული საქონლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის ავტორი ივან ნეჩეპურენკოა. ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ევროპამ ოკუპანტ ქვეყანასთან სანქციების გამო სავაჭრო კავშირები გაწყვიტა, რუსეთმა მალევე იპოვა ალტერნატიული გზები. ავტორი აღნიშნავს, რომ ყოველდღე საქართველოში რუსეთის საზღვართან სატვირთო მანქანების რიგები დგას.
როგორც ავტორი განმარტავს საქართველო რუსეთსა და გარე სამყაროს შორის მოსახერხებელ ლოგისტიკურ არხად იქცა. ამასთან, ჟურნალისტი საუბრობს, რომ საქონლის შეძენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების (სომხეთი და აზერბაიჯანი) გავლით, რუსეთს დაეხმარა, უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შტორმი გადაეტანა.