საპატრიარქოს პრესცენტრი აცხადებს, რომ მონაზონზე ძალადობა მედიის "ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია"
საპატრიარქოს პრესცენტრი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიის მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც “მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს.”
მისივე თქმით, ის, რაც ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, “რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის” შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა.
26 ნოემბერს, ცხრამუხის დედათა მონასტერში, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპარქიას ეკუთვნის, ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებს ბრალად 70 წლის ქალის გაუპატიურება და ყაჩაღობა ედებათ.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“როგორ მივედით აქამდე?! ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი – დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა. გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (მთავარი არხი, ტვ პირველი, ფორმულა), “თეოლოგის” თუ “ექსპერტის” მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან, საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს”. – წერს დეკანოზი ანდრია Facebook-ზე.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებს, რომ 26 ნოემბერს ცხრამუხის მონასტერში მომხდარი შემთხვევა სწორედ ჟურნალისტების მოქმედებითაა გამოწვეული. როგორც ჯაღმაიძე ამბობს, 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, “რეპეტიციად” ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა:
“გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი “მთავარმა არხმა” (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს “ბანდიტები” უწოდოს (“ტვ პირველი”) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (“მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რის დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში”.
მისივე თქმით, საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ასევე, დეკანოზი აღნიშნავს, რომ “ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი”, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრეს ეტაპებზე. ჯაღმაიძის განმარტებით, დიოკლეტიანეს დევნაც მოტივირებული იყო სწორედ იმ მოსაზრებით, რომ “ქრისტიანები იყვნენ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები” რომის იმპერიის ეკონომიური თუ პოლიტიკური გამარჯვებებისა.
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
● საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
გამოხმაურება
ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი ლევან სუთიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ მონაზვნის გაუპატიურების მედიისთვის გადაბრალება იმდენად აღვირახსნილ ტყუილზე დგას, იმდენად აყალბებს რეალობას, იმდენად უსირცხვილო სპეკულაციაა, რომ “გამიჭირდება გავიხსენო, ბოლოს ვინ დააბანდა ასე თავაშვებულად ტრაგედია” კერძო ინტერესად.
“5 ივლისის მერე ასეთი წერილის გამოქვეყნება, სადაც არც ერთი წინადადება მეორეს არ ებმის, არც ერთი შინაარსი ნამდვილი არ არის, ყველანაირი ლოგიკა დარღვეულია, მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს, რომ არაფერი ძველი დავიწყებული არ აქვთ და არაფერი ახალი უსწავლიათ და ყველა ასეთ დანაშაულს გარდაქმნიან ალესილ კბილებად და მოღერებულ მუშტად ყველას წინააღმდეგ, ვინც არ მოსწონთ ან ნერვებს უშლით.” – წერს ლევან სუთიძე.
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე საპატრიარქოს პრესმდივანს, ანდრია ჯაღმაიძეს “ავაზაკების და ყაჩაღების, მორალისგან დაცლილი რუსეთის აგენტების” წარმომადგენელს უწოდებს და საკუთარ ფეისბუქზე წერს:
“მონაზონზე იძალადეს და ეს ავაზაკების და ყაჩაღების, მორალისგან დაცლილი რუსეთის აგენტების წარმომადგენელი, რომელმაც 5 ივლისი, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი საჯარო ეგზეკუცია, რუსეთის კაგებესთან ერთად დაგეგმა და განახორციელა, ამბობს ყველაფერი ოპოზიციური მედიების ბრალიაო. მალადეც მამაო. ღმერთმა მაგ სიმართლით გაცხოვროთ.”
“ესენი ახალისებენ მოძალადე კაცებს და იფარავენ ყველა მავნებელს! ქართული ეკლესია მკვლელების, ავაზაკების, ყაჩაღების და მოძალადეების ბუდედ აქციეს!” – ამბობს ქალთა უფლებების დამცველი და აქტივისტი იდა ბახტურიძე.
საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი, რუსუდან გოცირიძე დღევანდელ ფაქტს ფეისბუქზე ეხმაურება:
“ქალების მიმართ ძალადობის საქართველოში ჯერ არ ნახული ამბავი მოხდა – მონაზვნებზე გადავიდნენ მოძალადეები!!!! ეს ხომ, არც მოკლე კაბიანი თინეიჯერები ყოფილან, არც ღამის ბარში მოწამლული და გათიშული ახალგაზრდა გოგოები, არც ემანსიპირებული და ფემინისტებისაგან “ატლიკინებული” ქალები. . . ესენი იყვნენ მონაზვნები და ცხოვრობდნენ მონასტერში!!!!!!!
ვისაც გგონიათ, რომ ქალის გონებაშეზღუდულობის ანეკდოტებზე ხარხარი და მონაზვნის გაუპატიურება ერთ ხაზზე არ დევს, მშურს თქვენი სიმშვიდის.
P.S. ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველოში, გენდერული ნიშნით ძალადობას 187 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა მათგან თითქმის 50% ოჯახის წევრმა მოკლა.”
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ბექა ყორშია:
“დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის დღევანდელი განცხადება, რომ მონაზონზე სასტიკი ძალადობა ოპოზიციური მედიის პროპაგანდის შედეგია, უკიდურესად საშიში და საგანგაშოა. მწვანე შუქს უნთებენ მრევლს, რომ კიდევ ერთხელ გამეორდეს ის, რაც 5 ივლისს მოხდა. რუსეთის, ირანის და საუდის არაბეთის გარდა, არავის ჰყავს ასეთი მავნებელი და ბოროტი კლერიკალური ელიტა.“
პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ჯაღმაიძე, როგორც “საპატრიარქოს კლერკი” ყოველთვის იყო ძალადობის და საპატრიარქოს მაფიოზური ინტერესის გამტარი.
მისთვის არ არსებობს ის რასაც მისგან ელოდნენ თითქოს – აბა სადაა საპატრიარქო? რას იტყვიან? – რას იტყვიან და მორიგ ჯერზე ამ უბედურებასაც საკუთარი მაგიოზური ინტერესებისთვის გამოიყენებენ და სამიზნეს ამის მიხედვით შეარჩევენ. არ არის ამ ხალხთან კავშირში ღმერთი, რწმენა, ემპათია, წუხილი, პასუხისმგებლობა, რაიმე ეროვნული…
მოკლედ, აქაც ჩვენზეა, რაც უფრო მალე და მეტი განიხიბლება და სიმართლეს იტყვის ამ ხალხზე მით უფრო მალე შესუსტდება ეს ბოროტება და ამდენს ვერ გაბედავს.” – წერს ელენე ხოშტარია.