8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა გორში. ეჭვმიტანილი დაკავებულია
გუშინ საღამოს, 23 ოქტომბერს, გორის რაიონული სასამართლოს ეზოში 8 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ ბავშვს ძალადობის კვალი აქვს.
• საქართველოში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება
• აფხაზეთის ჰიმნის ავტორს პედოფილიის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2010 წელს დაბადებული ნანა ბერიაშვილი გუშინ, დღის პირველ ნახევარში დაიკარგა.
საინფორმაციო გამოშვებებსა და სოციალურ ქსელებში საღამოსკენ გამოჩნდა პატარა გოგონას ფოტოები, რომელსაც ოჯახთან ერთად უკვე პოლიციაც ეძებდა.
ბავშვი დღის პირველ ნახევარში სახლიდან გავიდა და იმ წუთიდან მისი კვალი გაქრა. იგი ცეკვის წრეზე უნდა მისულიყო, თუმცა გაკვეთილზე არ გამოჩენილა.
გოგონას პოლიციასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებდა.
მისი ცხედარი საღამოს რაიონული სასამართლოს ეზოში, მდინარე ლიახვის პირას იპოვეს.
ბავშვს ძალადობის კვალი აქვს – თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი, პოლიეთილენის ტომარა ჰქონდა წამოცმული.
ადგილობრივების განცხადებით, მანამდე, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს.
გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი კვალი სახლიდან 100 მეტრშია დაკარგული:
“100 მეტრზე მეტი გავლილი არც აქვს ბავშვს,” – უთხრა გუშინ რუსთავი 2-ს მოზარდის ბაბუამ ხვიჩა ბერიაშვილმა.
მისი თქმით, გზაზე, რომელსაც გოგონას უნდა გაევლო, ორი მაღაზიაა, ორივე მაღაზიას სათვალთვალო კამერა უყენია. ხვიჩა ბერიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი სახლიდან გასვლის დროს სულ სხვა მიმართულებით წავიდა, მისი ცხედარი კი სხვაგან ნახეს:
“ბავშვი ზევით წავიდა და ქვევით როგორ იპოვეს?”
ხვიჩა ბერიაშვილი ამბობს, რომ დღის ოთხი საათისთვის თავად დაათვალიერა სასამართლოს ეზო, მაგრამ იქ ცხედარი არ ყოფილა. ის ვარაუდობს, რომ ბავშვი სხვა ადგილას მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დააგდეს:
“მოკლეს, აბა ის პარკი და ფეხები შეხვეული რატომ ჰქონდა?! მე დავინახე პარკი ჰქონდა მოხვეული, მავთული ეგდო. მეტი ვერ დავინახე, გამომიყვანეს… თუ არ გამოიძიეს, გადავკეტავთ მაგისტრალს. მთელი გორი ფეხზე დადგება,”- განაცხადა მან.
ოჯახს მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს. ისინი მკვლელობის 24 საათში გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხმრავალი გამოსვლებით და “გორის პარალიზებით” იმუქრებიან:
გორში მოკლული 8 წლის გოგოს ბაბუის კომენტარი
გორში მოკლული 8 წლის გოგოს ბაბუის, ხვიჩა ბერიაშვილის კომენტარი.
Posted by რადიო თავისუფლება on ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი, 2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე არასრულწლოვანის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. საგამოძიებო პროცესს შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
გუშინ საღამოს საბანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერჯერობით გამოძიება ვერსიებზე ვერ ისაუბრებს:
“ამ ეტაპისთვის ვერსიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. გამოძიება დაწყებულია, აბსოლუტურად დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს, შესაბამისად როგორც კი რამე იქნება ცნობილი გავაკეთებთ განცხადებას,” – თქვა მან.
მთელი ღამის განმავლობაში გოგონას ცხედარს გორის პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გორის სასამართლოს ეზოში კი, სადაც ცხედარი იპოვეს, ექსპეტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
გორის რაიონულ სასამართლოსთან, შემდეგ კი პროზექტურასთან მთელი ღამე ხალხმრავლობა იყო.
ადგილობრივი მოსახლეობა შეძრულია მომხდარით და საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ხალხი ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავს, თუ დამნაშავეს სწრაფად არ დააკავებენ.